აბიტურიენტთა ქართულის ნაშრომების გასწორება ელექტრონულად დაიწყო-როდის გამოქვეყნდება გამოცდების შედეგები

დღეს, 6 ივლისს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ. პროცესის მიმდინარეობას N32 საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გაეცნო და განცხადება გააკეთა როგორც უცხოური ენის გამოცდის საკითხზე, ასევე ისაუბრა აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შესახებ.

 

„დაიწყო უცხოურ ენებში გამოცდა, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად დღეს იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი. გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, რომლებისთვისაც დაინიშნება დამატებითი სესია“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

 

გამოცდების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნაშრომების გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი გასასწორებლად მესამე სპეციალისტს გაეგზავნება.

 

წყარო: edu.aris.ge