აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აპლიკანტთა 6% ჩაიჭრა

2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტებს სხვა საკითხებთან შედარებით, მხატვრული ტექსტის ანალიზი გაუჭირდათ.

ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2 აგვისტოს გავრცელებულ ინტერვიუშია საუბარი, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე გამოცდის პირველად შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, ქართული ენის და ლიტერატურის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით აბიტურიენტთა 94%-მა გადალახა. 17-მა აბიტურიენტმა კი, მაქსიმალური 70 ქულის მოპოვება შეძლო.

ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს ურჩევს, აპელაციის პროცესში ჩაერთონ და კონკრეტულ რჩევებსაც აძლევს.

„აბიტურიენტებს ვურჩევთ, რომ ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს და გულდასმით წაიკითხონ საკუთარი ნაშრომი. იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლიან, რომ მიღებული შეფასება არ შეესაბამება წაყენებულ მოთხოვნებს, შემოიტანონ სააპელაციო განაცხადი. ამასთან, უნდა მიუთითონ არა მთელი ტესტი, არამედ კონკრეტული დავალება ან დავალებები, რომელთა შეფასებასაც არ ეთანხმებიან. აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის დროს ნაშრომები თავიდან სწორდება, ამიტომ შესაძლოა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას ქულები როგორც მოემატოს, ისე დააკლდეს კიდეც“, – ამბობს ნანა ლოლაძე.

2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენა და ლიტერატურის გამოცდის  6 ძირითადი და ერთი დამატებითი სესია ჩატარდა, სავალდებულო საგანი 38 ათასამდე აბიტურიენტმა წერა.