აპლიკანტებმა, რომლებმაც პროფესიული ტესტირება კორონავირუსის გამო ვერ ჩააბარეს, სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ

უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელების პირობებში, ვერ შეძლეს ტესტირებაზე გამოცხადება, 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართონ. მათ დასაბუთებული განცხადება უნდა გაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge. ინფორმაციას უწყება დღეს, 9 სექტემბერს ავრცელებს.

განაცხადის შეტანა შეუძლიათ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებს, რომლებიც იმყოფებოდნენ:

  • „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
  • საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
  • საკარანტინო ზონაში;
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
  • სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

აღნიშნული გარემოებების შემთხვევაში, საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ პირებმა კი, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას.