არჩევითი საგნები, რომელთა სწავლების უფლებაც სკოლებს აქვთ

დღეს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლას ანიჭებს უფლებას სავალდებულო საგნებთან ერთად, სასწავლო ბადეში შეიტანოს არჩევითი საგნები.

არჩევითი საგნები მოსწავლეებს სკოლამ საკუთარი რესურსებისა და მათი ინტერესის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს და დაიცვას ე.წ. ინდივიდუალური მიდგომის პრინციპი. სხვადასხვა არჩევითი საგნის სწავლება, რომელსაც კვირაში ორსაათიანი დატვირთვა უნდა ჰქონდეს, გადანაწილებულია სამივე საფეხურზე (დაწყებითი, საბაზო, საშუალო).

ესგ-ს მიხედვით, საჯარო სკოლის დირექცია სასწავლო წლის დაწყებამდე 1 კვირით ადრე ქმნის ე.წ საგნობრივ პროგრამას, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს საათობრივი ბადე, სავალდებულო და არჩევითი საგნებით. სკოლა ვალდებულია საგნობრივი პროგრამა შესათანხმებლად წარადგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და თავად უზრუნველყოს მოსწავლეები შესაბამისი დამატებითი საგანმანათლებლო რესურსებით, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგნები ერთიანდება 8 საგნობრივ ჯგუფში: სახელმწიფო ენა, მათემატიკა, უცხოური ენები, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ესთეტიური აღზრდა და სპორტი. სკოლა იმ კათედრის მასწავლებლებს, რომლებშიც არჩევითი საგნებიც ერთიანდებიან, უნაწილებს საგაკვეთილო საათებს, ასევე სკოლას ეძლევა შესაძლებლობა მოიწვიოს დამატებით სპეციალისტი, თუ ფიქრობს, რომ  არსებული ადამიანური რესურსით ვერ უზრუნველყოფს იმ არჩევითი საგნის სწავლებას, რომელიც თავადვე შეიტანა სასწავლო პროგრამაში.

V-XII კლასებში არჩევით საგნებში მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.

აბიტურის საათის გათვალისწინებით, XII კლასის მეორე სემესტრში არჩევითი საგნები არ ისწავლება, რადგან დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აბარებენ გამოცდებს. ესგ-ს მიხედვით, მეორე სემესტრში არ უნდა მოხდეს საათობრივი ბადის გადატვირთვა და ხელი უნდა შეეწყოს მასწავლეს გამოცდებზე ორიენტირებისთვის.

არჩევითი საგნების სწავლებისას, გარდა ჭადრაკისა, შესაძლებელია კლასი დაკომპლექტდეს ერთი საფეხურის სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისგან.

მოსწავლეთა ჯგუფს თავადაც აქვს უფლება მიმართოს სკოლას თუ სურს, რომელიმე არჩევითი საგნის სწავლება, თუმცა ამისთვის სკოლას უნდა გააჩნდეს საკმარისი რესურსი. რესურსებიდან გამომდინარე საბოლოო გადაწყვეტილებას სკოლის დირექტორი იღებს.

,,არჩევითი საგნების სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და მათი გამოცდილების გამდიდრება. საკუთარი სურვილით, არჩეული რამდენიმე საგნის სწავლება მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა საგანმანათლებლო სფეროში და უფრო ზუსტი წარმოდგენა შეიქმნან საკუთარი მიდრეკილებებისა და მომავალში ასარჩევი გეზის შესახებ“ – განმარტებულია ესგ-ში.

არჩევითი საგნები, რომელთა ხანგრძლივობა ერთი სემესტრია

IX კლასისთვის:

  • გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა,მეთუნეობა, გობელენი და სხვ) – შრომა;
  • სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა);
  • თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში
  • მულტიმედია და მუსიკა
  • გუნდი
  • დრამა
  • ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები

X-XI-XII კლასებისთვის: 

  • კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები
  • საგნები, რომელთა მოდულის ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი
  • კინოხელოვნება
  • მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი
  • სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა
  • ხაზვა
  • გარემო და მდგრადი განვითარება

XI-XII კლასებისთვის: 

  • ქიმიური ტექნოლოგიები
  • შესავალი თანამედროვე ფიზიკაში
  • ასტრონომია

არჩევითი საგნები, რომელთა ხანგრძლივობა არის ორი სემესტრი:

IX კლასისთვის:

  • რობოტექნიკა
  • კოდირება

X-XI-XII კლასებისთვის: 

  • ამერიკისმცოდნეობა
  • გეოგრაფიული კვლევა
  • თეატრალური ხელოვნება
  • მეწარმეობის საფუძვლები
  • კომპიუტერული მეცნიერება
  • მსოფლიო კულტურა
  • მულტიმედია და დიზაინი
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულპრაქტიკული კურსი
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი
  • ფოლკლორი და მითოლოგია
  • XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
  • ხელოვნების ისტორია
  • ბუნების ძეგლებზე დაკვირვება
  • საქართველოს ეთნოგრაფია
  • ფოლკლორული ანსამბლი
  • სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა

XI-XII კლასებისთვის:

  • ეკონომიკა და სახელმწიფო
  • სახელმწიფო და სამართალი

საგნები, რომლებიც შეიძლება ისწავლებოდეს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში:

II-III კლასებისთვის: 

  • ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა)

X-XI-XII კლასებისთვის: 

  • მესამე უცხოური ენა
  • მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა (შესაძლებელია ისწავლებოდეს მინისტრის ინდივიდუალურსამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სკოლებში და კლასებში).

როგორც ხედავთ არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ჯერი კი მშობლებსა და შვილებზეა,  გამოიყენონ შესაძლებლობა და მოსწავლეებმა მაქსიმალურად მეტი ცოდნა მიიღონ სკოლისგან.

და, თქვენ რომელ საგანს/საგნებს აირჩევდით?

მოამზადა მზეო შველიძემ 

წყარო: edu.aris.ge