ახალი სასწავლო წლისთვის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდავენ

2021-2022 სასწავლო წლისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების ბრაილის შრიფტით დასაბეჭდად სახელმწიფო 45 544 ლარს გადაიხდის. კონკურსი შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისთვის „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ უკვე გამოცხადებული აქვს. წინადადებების მიღება 12 ივლისს უნდა დასრულდეს.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ბრაილის შრიფტით დაბეჭდვის სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში პირველი, მე-5, მე-6, მე-7 კლასების 190-მდე ერთეული მოსწავლის წიგნი და რვეული უნდა დაიბეჭდოს.

გამარჯვებულმა კომპანიამ შემდეგი მომსახურება უნდა განახორციელოს:

ა) ნაბეჭდის მომზადება ბრაილის შრიფტისათვის (ნახატის ამოშლა, ტექსტის დალაგება და ა. შ.);
ბ) ბრაილის შრიფტზე გადაყვანა (საჭირო სიმბოლოების შეცვლა ბრაილისათვის);
გ) რედაქტირება ბრაილით ელექტრონულად (იგულისხმება რამდენად სწორედ არის ესა თუ ის სიმბოლო შეცვლილი ან დატოვებული).
დ) ბრაილის ფორმატზე დაკაბადონება და პრინტერზე მორგება (სიმბოლოების დალაგება რიგების მიხედვით და ა. შ.)
ე) ამობეჭდვა პირველი კორექტურისათვის (ბრაილის პრინტერზე);
ვ) რედაქტირება ბრაილით ამობეჭდილის (ბრაილის ფურცლიდან კითხვა-ჩასწორება);
ზ) პირველი კორექტურა ბრაილით (ბრაილით წაკითხულის ელექტრონულად გასწორება);
თ) დაკაბადონება საჭიროების მიხედვით (ჩასწორებული ვერსია შეიძლება მოითხოვდეს გადაკაბადონებას);
ი) ამობეჭდვა მეორე კორექტირესათვის (ბრაილის ფურცლიდან კითხვა-ჩასწორება);
კ) კორექტურა ბრაილით (მეორე კორექტურა შემოიფარგლება მცირეოდენი ჩასწორებებით);
ლ) საბოლოო ვარიანტის დაკაბადონება საჭიროების მიხედვით;
მ) ტირაჟირება;
ნ) ფერადი ყდების დამზადება (დიზაინის შემუშავება, ამობეჭდვა, ლამინირება…);
ო) რელიეფური ნახატის მომზადება კომპიუტერულად (ნახატის მომზადება უსინათლოსათვის აღსაქმელად);
პ) ნახატის გადატანა სპეციალურ ფურცელზე და დამუშავება (რელიეფურად გარდაქმნა);
ჟ) უსინათლო კორექტორის მიერ აღქმადობის შემოწმება, რედაქტირება;
რ) კორექტირება კომპიუტერულად;
ს) რედაქტირება საჭიროების მიხედვით;
ტ) ტირაჟირება;
უ) აკინძვა და ყდაში ჩასმა.

მიმწოდებელმა ბრაილის შრიფტით აწყობილი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი სასწავლო მასალა დამკვეთს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს.

 

 

წყარო:edu.aris.ge