ბორჯომში ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2022 წლისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ახალი პროფესიული კოლეჯი ექნება. რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები თანამდროვე პროფესიულ განათლებას უახლესი სტანდარტების შესაბამის გარემოში დაეუფლებიან. კოლეჯში დაინერგება როგორც მოკლევადიანი, ისე მომზადება-გადამზადების კურსები ზრდასრულებისთვის, ასევე, სადიპლომო და საშუალო პროფესიული პროგრამები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებებსა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროფესიებზე, კერძოდ: სატყეო, ხის გადამუშავების და სხვადასხვა სახელობო მიმართულებებზე.

კოლეჯში ლაბორატორიები აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, კაფეტერია, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. კოლეჯი აქტიურად ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ასევე კერძო სექტორთან.

სამშენებლო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით ფარცვანიასთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ზაალიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ბორჯომის პროფესიული კოლეჯის მშენებლობა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ღირებულება ათ მილიონამდე ლარია.

სამინისტროს მხარდაჭერით 2020 წელს აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა პროფესიულ სასწავლებლებს ქუთაისში, შუახევში, მარნეულში, ჩოხატაურში, კასპსა და თელავში. პროცესი გრძელდება და 2021 წლისთვის საქართველოს კიდევ 11 ქალაქს ექნება ახალაშენებული /რეაბილიტირებული პროფესიული სასწავლებელი.

წყარო: mes.gov.ge