გაიხსნება თუ არა საბავშვო ბაღები? – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

გაიხსნება თუ არა საბავშვო ბაღები? – აღნიშნულ კითხვას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 27 აგვისტოს, ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას უპასუხა. თუმცა მინისტრს სააღმზრდელო დაწესებულებების გახსნის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

„ბაღებთან დაკავშირებით ზუსტი რიცხვი სამწუხაროდ არ ვიცი, იმიტომ, რომ საკმაოდ მოცულობითია ის სტატისტიკური ინფორმაცია,  რაც ქვეყნის მასშტაბით გვაქვს, თუმცა მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ როგორც თბილისის მერია და ასევე განათლების სამინისტრო აქტიურად არიან ჩართულები ამ პროცესში და ძალიან მონდომებულები არიან დაიწყოს უსაფრთხო ბაღი და სკოლა“, – განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

საკითხზე კომენტარი დღესვე გააკეთა ქალაქის მერმა კახა კალაძემ და განაცხადა, რომ ბაღების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს. რაც შეეხება ბაღების თანამშრომელლთა ვაქცინაციის საკითხს, მერის თქმით, ამ ეტაპზე 5000-ზე მეტი პირია აცრილი და პროცესი გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი სკოლების გახსნისთვის ორ ფაქტორს ასახელებს – თანამშრომელთა 80%-ის ვაქცინაცია და დადებითობის მაჩვენებლის 4%-ზე ქვემოთ ჩამოსვლა.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 031 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით 73 ადამიანი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 10.40%.