გამყრელიძე: ცენტრი სრულად ემხრობა იმას, რომ სამედიცინო პერსონალისა და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სრულად მომხრეა სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.

„ჯერჯერობით, ამაზე ერთიანი აზრი არ არის. უმრავლესობა, როგორც საზოგადოება, მაინც ემხრობა იმას, რომ ეს ნებაყოფლობითი იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ 21 სექტემბერს საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

იღებს თუ არა უწყება კრიტიკას, რომ საინფორმაციო კამპანია არასაკმარისია და ხალხს ვაქცინაციასთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ აქვს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თვითკრიტიკა მეტია, ვიდრე გარედან კრიტიკა.

„რა თქმა უნდა, ყველანაირ კრიტიკას ვიღებთ და კრიტიკისადმი საკმაოდ მიმღები და ტოლერანტული ვართ. კრიტიკას არასოდეს გავურბივართ, როდესაც კრიტიკა არის საქმიანი და არა ანგაჟირებული, სხვადასხვა ქვედინებებით და მოტივაციით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაცია სამ თვეზე მეტი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია.

„ხშირად, ისრაელი მოჰყავთ მაგალითად და ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია იყო იანვარი, თებერვალი, მარტი, შემდეგ კი, აპრილში ნელ-ნელა შემცირდა. აშშ-ში იყო დაახლოებით, ოთხი თვე. იცით, რომ მერე იქაც პრობლემები გაჩნდა და დღეს, ორი აცრით მოცვის მაჩვენებელი 60%-ს ვერ ასცილდა. შედარებით უკეთესი მონაცემები აქვთ ევროკავშირის ქვეყნებს, განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. დღეს, საუკეთესო მაგალითი არის დანია, რომელმაც თითქმის, 85% აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ მეხუთე ტალღა შედარებით რბილი იყოს, ვიდრე იყო შავი აგვისტო და ძალიან მძიმე მეოთხე ტალღა, ნოემბრამდე, მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე, 40% ორჯერადად უნდა აიცრას და ამასთან ერთად, საზოგადოებამ მთავარი რეკომენდაციების დაცვა უნდა გააგრძელოს.