განაახლებენ თუ არა უნივერსიტეტები სწავლას დასწრებულ რეჟიმში და როდის? (ინფორმაცია ახლდება)

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის აუდიტორიებში განახლების უფლება მიეცათ: “4 ოქტომბერს, მათ უფლება ეძლევათ, რომ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებულ ფორმატში, ანუ აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერსიტეტები იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია ჩვენს სამინისტროსთან შეთანხმებით”, – თქვა თქვა განათლების მინისტრმა.

საქართველოს ორ მსხვილ უნივერსიტეტს (თსუ და ილია ავტ.) გუშინვე დაუკავშირდნენ, თუმცა როგორც გაირკვა, უმაღლესებს გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდათ მიღებული.

რა შეიცვალა ერთი დღის შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში? განაახლებენ თუ არა სწავლას დასწრებულ რეჟიმში და როდის? – ამ კითხვით  საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებს დაუკავშირდნენ. როგორც აღმოჩნდა, უნივერსიტეტების ნაწილი ჰიბრიდულ
მოდელს ირჩევს, ნაწილს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:

ინფორმაცია განახლებულია: 29/09/2021 19:28

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის განახლების ფორმატს ჯერჯერობით ისევ აზუსტებენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტშიც პროგრამების ძირითად ნაწილზე სასწავლო პროცესი 18 ოქტომბერს იწყება, თუმცა როგორ ფორმატში ისწავლიან სტუდენტები, დასწრებულ თუ დაუსწრებელ რეჟიმში, ეს ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ჰიბრიდული მეთოდით აპირებს 11 ოქტომბერს სწავლის დაწყებას. ლექციები ონლაინ რეჟიმში წარიმართება, პრაქტიკული მეცადინეობები კი, აუდიტორიებში განახლდება.

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ)  სწავლების ფორმატი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. სასწავლებელში სწავლაც ჯერ დაწყებული არ არის.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების ფორმატზე გადაწყვეტილებას 1-ელ ოქტომბრამდე მიიღებენ.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტშიც პარასკევს, 1-ელ ოქტომბერს გახდება ცნობილი სწავლის გაგრძელების ფორმა. კვირის ბოლოს დაზუსტდება სწავლის დაწყების თარიღიც.

კავკასიის უნივერისტეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ოფიციალურ ბრძანების მიღებას ელოდებიან და შემდეგ იმსჯელებენ, მანამდე კი სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს უნივერსიტეტში 4 ოქტომბრიდან სწავლა შერეული ფორმატით წარიმართება. პროგრამების სპეციფიკიდან გამომდინარე, ლექციების ნაწილი დისტანციურად, ნაწილი კი აუდიტორიებში ჩატარდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის განხორციელების ფორმატი დაზუსტებული არ არის, რადგან განათლების სამინისტროსგან დასტურს ელოდებიან. თუმცა, ფიქრობენ სასწავლო პროცესის გაგრძელებას ჰიბრიდული მოდელით – სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ადგილზე დაესწრებიან ლექციებს, თუ დისტანციურად.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა პასუხისთვის ვერ მოცალა. სწავლა 20 სექტემბრიდან ონალინ მიმდინარეობს, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები აუდიტორიებში ტარდება, იცვლება თუ არა სწავლის ფორმატი – ჯერჯერობით უცნობია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სწავლების ფორმატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სტუდენტებთან შეთანხმებით მიიღებს და გაგრძელდება თუ არა უმაღლესში ლექციები უკვე დასწრებულ რეჟიმში, ამაზე ინფორმაციას 30 დექტემბერს გაავრცელებს.

თბილისის ღია უნივერსიტეტში სწავლა 27 სექტემბერს დისტანციური ფორმატით დაიწყო.
ფორმატში შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 30 სექტემბერს მიიღებენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 13 სექტემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს. სწავლის ფორმატთან შესაძლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაავრცელებენ.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სწავლას 4 ოქტომბერს იწყებს, ფორმატის თაობაზე გადაწყვეტილებას კი 30 სექტემბერს გამოაცხადებს.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიან და გადაწყვეტილებას 30 სექტემბერს გამოაცხადებენ. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 4 ოქტომბერს იწყება.

როგორც 28 სექტემბერს გახდა ცნობილი, მთავრობის გადწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.

წყარო: edu.aris.ge