„ეს თხოვნა მექნება ყველასთვის, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით…“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში დისტანციური სწავლების შემოღება გამოსავალი არ იქნება, გამოსავალი არის მხოლოდ ვაქცინაცია. ამის შესახებ მან, 20 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„იმ პირობებში, როცა დღეს ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში პირადად ჩემი მთავარი რეკომენდაცია და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაცია არის, რომ დარჩენილი ივლისის და აგვისტოს თვეები, სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის. იმისათვის, რომ სკოლები დახვდეს სასწავლო წლის დაწყებას უსაფრთხო გარემოში. დღეს შეზღუდვა სკოლის პირობებში გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ არის ამ პრობლემის გადაწყვეტა, პრობლემის გადაწყვეტა არის ვაქცინაცია და თხოვნა მექნება ყველასთვის, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს, დღეს არის ამის შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, კორონავისრუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება ბავშვებში და ჯერ-ჯერობით ქვეყნის სტაციონარებში ბავშვთა საწოლების დეფიციტი არ არის. მინისტრის მოდგილემ ასევე აღნიშნა, რომ ვირუსისგან ბავშვების ყველაზე ეფექტური დაცვის საშუალება რეგულაციების დაცვა და მშობლების ვაქცინაციაა.

საქართევლოში კოვიდ 19-ის ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებლები მძიმდება.  ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2 616 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან თბილისში გამოვლენილია 1 557 შემთხვევა, აჭარა – 205, იმერეთი – 191, ქვემო ქართლი – 117, შიდა ქართლი – 115, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 128, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 45, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.