ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოში ახალ ჩამოსულ მწერალთან და თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი – დღეები რომელიც თბილისს ყოველთვის განსაკუთრებულს ხდის

დასრულდა “თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი”, რომელიც 4 დღის განმავლობაში “ექსპო ჯორჯიას” პავილიონებში მიმდინარეობდა.

ამ ოთხი დღის განმავლობაში ფესტივალზე არ შეწყვეტილა ხალხის ნაკადი, რომელიც რეგულაციების დაცვით ცდილობდნენ პავილიონების ტერიტორიაზე გადაადგილებას და სასურველი წიგნების შეძენასა თუ ღონისძიებაზე დასწრებას.

წლევანდელი წელი ფესტივალისთვის ნამდვილად გამორჩეული იყო: „იყო ბევრი სირთულე და დაბრკოლება, მაგრამ ძალისხმევა არ დავიშურეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა ყოველი რჩევა-რეკომენდაცია და ამ რთულ პირობებშიც გვემასპინძლა ჩვენი უძვირფასესი მკითხველისთვის.“ – ვრცელდება თბილისის წიგნის ფესტივალის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

Open Photo

ფესტივალზე, ჩვეულებისამებრ ბევრი ცნობილი თუ ახალგაზრდა მწერალი და საზოგადო მოღვაწის ნაწარმოებები განიხილეს, გაიმართა ლიტერატურული საუბრები და პრეზენტაციები.

 

Studyprogrammes.ge-ს გუნდი ფესტივალისთვის ამერიკიდან ჩამოსულ ახალგაზრდა მწერალს ექსკლუზიურად გაესაუბრა, ვისი წიგნის პირველი წარდგენაც სწორედ ფესტივალზე მოხდა და აუდიტორიის დიდი ინტერესიც გამოწვია.

ეს ამერიკაში მოღვაწე ქართველი 29 წლის თამარა სპულდინგია, საკუთარი სამოტივაცი წიგნით – „ჯოჯოხეთში არასოდეს თენდება“.

 

თამარა, რა იყო თქვენი წიგნის დაწერის მთავარი ინსპირაცია და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?

ყველა ის შეგრძნება რასაც ცხოვრების ახალ-ახალი გამოწვევების დროს განვიცდიდი, თავი მოვუყარე ერთ წიგნში. ამასთან ერთად ძნელია მეგობრებთან ოჯახთან და სამშობლოსთან შორს ყოფნა და ჩემი ემოციები და შეგრძნებები სწორედ აქ ჩავაქსოვე, მოგეხსენებათ, წლებია საქართველოდან შორს მიწევს ცხოვრება და ემოციები, რომელიც ამდენი წლის მიუხედავად თან მდევს მინდოდა რამე ფორმით გამომეხატა, ახლა თქვენ სწორედ ამის თანაზიარი ხდებით, როცა თითოეულ გვერდს კითხულობთ.

„ეს ის წიგნია, რომელიც სამწუხარო რეალობას უფრო მეტად თვალსაჩინოს ხდის და თითქოს მომავალში რაც გველის ხაზგასმულია, იქნებ დროა გადავარჩინოთ სამყარო უფსკრულისგან!!“ – ამბობს ავტორი ინტერვიუში

 

და მაინც რა საკვანძო საკითხს ეტყვით მომავალ მკითხველს, რას შეეხება წიგნი?

თუ როგორ შეიძლება საკუთარი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი თავად არ იყო, ალბათ ყველა ჩვენგანს რეალობაშიც ჰქონია ეს მომენტი. ვეცადე ბევრი ემოცია გამეერთიანებინა, მაგრამ მოდით მთავარი საკვანძო საკითხების გამოტანა მკითხველს მივანდოთ, რადგან საუკეთესო შემფასებლები სწორედ ისინი არიან.

თქვენ წარადგუნეთ წიგნი თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე, როგორ ფიქრობთ რამდენად გაიზარდა ინტერესი წიგნის მიმართ წარდგენის შემდეგ?

არ ვიცი, თუმცა არ დამავიწყდება ის ემოცია და დამოკიდებულება, რაც წიგნის წარდგენის შემდეგ აუდიტორიისგან ვიგრძენი. ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის რის გამოც ღირდა ამხელა გზაზე ჩამოსვლა, რომ მკითხველს პირდაპირ შევხვედროდი და ჩემი სათქმელი, მოკლედ, თუმცა მეთქვა და გამეზიარებინა.

გარდა წიგნის საერთაშორისო ფესტივალისა სად შეიძლება თქვენი წიგნის შეძენა?

წიგნის შეძენა უკვე ბიბლუსის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი, ასევე ლატერნაში და ონლაინაც.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

წინასწარ მიჭირს რამე პროგნოზის გაკეთება, ერთი პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა ამასთან შემოქმედებითი პროცესიც სხვანაირად ვითარდება. არის მომენტი, რომ ზღვა ემოციების მოძალებას გრძნობ და გინდა დაწერო და დაწერო, ხან კი უბრალოდ „შენს გონებაში მოთამაშე ფიქრებს“ უსმინო, მაგრამ თამამათ შემიძლია ვთქვა რომ გაჩერებას არ ვაპირებ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ყოველ წელს იმართება და მასში 20-ზე მეტი გამომცემლობა, ორგანიზაცია, უნივერსიტეტი და წიგნის მაღაზია მონაწილეობს.

ფესტივალი ყოველთვის გამოირჩევა ხალხმრავლობით, რაც უდავოდ საამაყო ამბავია, რადგან ციფრულ ეპოქაში წიგნის აქტუალობა შენარჩუნებულია და, ყველფრის მიუხედვად, პავილიონიდან გამოსულ გზაზე უამრავი ადამიანი აურაცხელი წიგნებით ხელში სახლში ბრუნდება.

 

ინტერვიუ მომზადებულია

studyprogrammes.ge გუნდის მიერ