,,თქვენ ხართ უნიკალური პიროვნება საკუთარი მიზნებითა და მისწრაფებებით!” – ლიკა პაპავა

Studyprogrammes.ge აგრძელებს რუბრიკას ინფლუენსერებთან და წარმატებულ ადამიანებთან. ჩვენი რუბრიკის შემდეგი სტუმარია ყველასათვის საყვარელი და უნიჭიერესი, კონტენტ კრეატორი ლიკა პაპავა.
გთავაზობთ ინტერვიუს ლიკასთან:
-რა გინდოდა, რომ გამოსულიყავი ბავშვობაში?
-ბავშვობიდანვე ვიყავი მხიარული, პოზიტიური, მიყვარდა ცეკვა სიმღერა და სხვათა შორის პატარა კონცერტებიც დამიდგამს თბილისსა და რუსეთში, აქედან გამომდინარე ვიყავი არტისტული და მინდოდა , რომ გავმხდარიყავი ან მსახიობი ან მომღერალი, მსახიობი იმიტომ, რომ ზოგადად როდესაც გიწევს სხვადასხვა როლის თამაში გეძლევა შესაძლებლობა, რომ 1წუთით მაინც ჩაიხედოს სხვის ცხოვრებაში, იგრძნო იმ ადამიანის ემოციები, გრძნობები, ანუ დააყენო თავი მის ადგილას, ალბათ ამიტომ ვუგებ ადამიანებს ძალიან კარგად , სიმღერაც ძალიან მიყვარს და ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ თითქოს რაღაც უფრო მეტის ნაწილი ვარ.
-რა პროფესია აირჩიეთ და სად ისწავლეთ ?
-ვარ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი. ავირჩიე სულ სხვა პროფესია ზემოთ ხსენებულისგან განსხვავებით, რადგან ვთვლიდი, რომ ეს უფრო მეტ სარგებელს მომიტანდა ფინანსურად გრძელვადიან პერსპექტივაში.
-რა გახსენდებათ ყველაზე დადებითად სტუდენტობის პერიოდში?
-სტუდენტობა საკმაოდ აქტიური მქონდა, ყველაზე ტკბილად მახსენდება მხიარულთა და საზრიანთა გუნდი, სცენაზე გამოსვლის წინ ხშირად მქონდა პანიკური შეტევები, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა რა თქმა უნდა სცენის შიში უფრო შეუმსუბუქა მანსაკანმა, მომიხსნა კომპლექსები და უფრო გამბედავი გამხადა.
-რას საქმიანობთ ახლა ?
-ამჟამად ვმუშაობ TSU-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, ISET-ში, ადმინისტრაციის ასისტენტად და ღონისძიებების კოორდინატორად, ასევე ვარ კონტენტ კორექტორი, ვმუშაობ ორ პლატფორმაზე Tik Tok/ Instagram.
-გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები
-ზოგადად არ მიყვარს სამომავლო ღიად საუბარი, ამ ეტაპზე ასე ვიტყვი, რომ ორივე სფეროში გავაგრძელებ მოღვაწეობას ,შევეცდები ჩემი პლატფორმა სწორად გამოვიყენო, კონტენტი იყოს მაქსიმალურად პოზიტიური, ხარისხიანი, ბევრ რაღაცას ჯერ კიდევ ვსწავლობ მეც, მთავარი კი ის არის, რომ მსიამოვნებს პროცესი და დიდი იმედი რომ ერთ დღეს ჩემი ბავშვობის ოცნება ახდება და სამსახიობო სფეროსაც განვავითარებ.
-და ბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდებს?
-ახალგაზრდებს კი მინდა ვუთხრა, რომ არ დაკარგოთ საკუთარი თავი, იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს თქვენი საქმიანობა, ვერავინ შეძლებს გაიძულოთ იმოქმედოთ თქვენი ღირებულების საპირისპიროდ, ახლავე დაიწყეთ ამაზე ზრუნვა, თქვენ ხართ უნიკალური პიროვნება საკუთარი მიზნებით და მისწრაფებებით. წარმატებისთვის აუცილებელია განავითაროთ თვითშეფასება, ეძებეთ ბედნიერება საკუთარ თავში და ბოლოს იცოდეთ, რომ არასდროს არ არის გვიანი აკეთო შენი საყვარელი საქმე.
მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ