ინტეგრირებული პროგრამებზე შეფასების ერთ-ერთი მთავარი პირობა კომპლექსური დავალება იქნება

განათლების და მეცნიერების მინისტრმა პროფესიულ სასწავლებლებში, ზოგადი განათლების ინტეგრირებული პროგრამების კურსდამთავრებულებისთვის სწავლის შედეგების დადასტურების წესი დაამტკიცა.

ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად, 19 ივლისს გამოქვეყნდა. ამიერიდან, სკოლის 9 კლასის კურსდამთავრებულები, კოლეჯებში ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მიიღებენ პროფესიულ კვალიფიკაციას, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის მფლობელებიც გახდებიან. მსგავსი დოკუმენტის მიღების შემდეგ, პირებს, სურვილის შემთხვევაში, უფლება ექნებათ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელონ. მსგავსი უფლება აქამდე პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს არ ჰქონდათ.

ინტეგრირებულ პროგრამებზე მოსახვედრად მსურველს, დასრულებული უნდა ჰქონდეს სკოლის 9 კლასი და შესაბამის პროგრამაზე უნდა დარეგისტრირდეს, რეგისტრაცია ამჟამად მიმდინარეობს და 20 აგვისტომდე გრძელდება. კონკურსის დასრულების შემდეგ, კოლეჯში მოხვედრის შემთხვევაში, სტუდენტისთვის დიპლომის გაცემის საკითხს, კოლეჯში შექმნილი სპეციალური კომისია დაადასტურებს.

მინისტრის ახალი ბრძანება სწორედ მსგავსი პროგრამების სტუდენტების სწავლის დადასტურების წესს ეხება. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ინტეგრირებული პროგრამის სტუდენტის შეფასების ერთ-ერთი მთავარი პირობა კომპლექსური დავალების შესრულება იქნება.

ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეფასება

1.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) უზრუნველყოფს თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის პროგრესის შეფასებას.

2.შეფასება არის განმსაზღვრელი და განმავითარებელი. ამასთან, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ფარგლებში გამოიყენება არადიფერენცირებული განმსაზღვრელი შეფასება.

3.განმსაზღვრელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის მიღწევას ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგებთან მიმართებაში.

4.განმავითარებელი შეფასება ადგენს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას, მიმართულია სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და გამოიყენება პროფესიული სტუდენტის მხარდაჭერის მიზნებისათვის.

5.პროფესიული სტუდენტი ფასდება შეფასების ტაქსონომიის გამოყენებით თითოეული თემის კონტექსტში და სწავლის შედეგებთან მიმართებაში.

6.ინტეგრირებული ზოგადი მოდულის ფარგლებში პროფესიული სტუდენტი ერთსა და იმავე სწავლის შედეგთან მიმართებით რამდენიმე კომპლექსურ დავალებას ასრულებს. თითოეული თემის ფარგლებში სავალდებულოა ყველა სწავლის შედეგზე მუშაობა (კომპლექსური დავალებების საშუალებით).

7.შეფასებისას, სავალდებულოა კომპლექსური კონტექსტის მქონე დავალების გამოყენება. დასაშვებია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთი კომპლექსური დავალებით შეფასება.

8.კომპლექსური დავალების შეფასების რუბრიკა ეფუძნება ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლის შედეგების შეფასების ტაქსონომიას.

9.დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს პორტფოლიოს სრულფასოვნად შევსებისათვის აუცილებელი აქტივობების განხორციელება.

10.საჭიროების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სწავლის შედეგის მიღწევის განმეორებითი შეფასების ორგანიზება, მის მიერ დადგენილი წესით.

11.პროფესიული განათლების მასწავლებელი ვალდებულია, კომპლექსური დავალების შეფასებიდან დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში, პორტფოლიოში ასახოს სტუდენტის პროგრესის ამსახველი მტკიცებულებები.

12.პორტფოლიოში პროფესიული სტუდენტის მიღწევების ამსახველი მტკიცებულებები ინახება დადასტურების კომისიის ოქმის გაფორმებიდან სამი წლის ვადით, რის შემდეგაც მონაცემები არქივდება და ინახება 5 წლის განმავლობაში. 5 წლის გასვლის შემდეგ დაარქივებული მონაცემები ავტომატურად იშლება.

13. პორტფოლიო შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) პროფესიული სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება;

გ) ინტეგრირებული მოდულის სახელწოდება;

დ) თემის დასახელება;

ე) კომპლექსური დავალების შინაარსი და ნომერი;

ვ) პროფესიული სტუდენტის მიერ კომპლექსური დავალების შესრულების მტკიცებულება;

ზ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ განხორციელებული შეფასება და მიცემული უკუკავშირი;

თ) კომპლექსური დავალების მიცემის, შესრულების და პორტფოლიოში მისი განთავსების თარიღები.

14.ინტეგრირებული ზოგადი მოდული დაძლეულად ჩაითვლება, თუ ინტეგრირებული ზოგადი მოდულით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგი მიღწეულია.

15.სწავლის შედეგი მიღწეულად ითვლება, თუ მასთან დაკავშირებული ყველა კომპლექსური დავალება შეფასებულია პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ და მათგან მინიმუმ ერთი შეფასებულია მიმართებით ან აბსტრაქტულ დონეზე (დანართი №1).

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურება

1.პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წინაპირობაა თითოეული ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევა.

2.პორტფოლიოში წარმოდგენილი სტუდენტების მიღწევების ამსახველი მტკიცებულებების განხილვის და მისი ვერიფიკაციის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებაში შექმნილი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების კომისია (შემდგომში – დადასტურების კომისია) ადგენს, რამდენად მოხდა ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული თითოეული სწავლის შედეგის მიღწევა და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:

ა) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება;

ბ) პროფესიული სტუდენტის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა ვერ დასტურდება.

3.პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების მიღწევა დადასტურდება, თუ პორტფოლიოში წარმოდგენილია პროფესიული სტუდენტის მიერ გავლილი ყველა ინტეგრირებული ზოგადი მოდულის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

4.დადასტურების კომისიის მიერ გაკეთებული არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება.

დადასტურების კომისია

1.დადასტურების კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2.დაწესებულების მიერ დამტკიცებული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი უნდა გამორიცხავდეს მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენელთა მიერ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

3.დადასტურების კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან.

4.დადასტურების კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა.

5.დადასტურების კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

6.დადასტურების კომისიის წევრი უფლებამოსილია მისი განსხვავებული მოსაზრება წერილობით დაურთოს ოქმს.

7.დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დადასტურების კომისიის მიერ ვერიფიკაციის პროცესის სრულფასოვანი განხორციელების ხელშეწყობა.

ინტეგრრებული პროგრამის სტუდენტის პორტფოლიო განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ სპეცილურ ბაზაში იქნება განთავსებული. უწყებამ  ინტეგრირებული ზოგადი მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების დადასტურებისთვის საჭირო ელექტრონული სისტემის შექმნა 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს.