ინტერვიუ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან

სტატიაში იხილავთ, ძალიან საინტერესო, ინტერვიუს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან, მათ ჩვენთან ისაუბრებს თუ რა მიზნით დაარსა უნივერსიტეტი, რა განსხვავებულ პირობებს სთავაზობენ ისინი სტუდენტებს და რა გზა გამოიარეს 6 წლიან უპირობო აკრედიტაციამდე, ეს და სხვა თემები იხილეთ სტატიაში.

1.მოგვიყევით როდის და რა მიზნით დაარსდა უნივერსიტეტი?

ავიაცია სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს. ძლიერი ავიაცია ქვეყნის სიძლიერისა და წინსვლის საწინდარია. სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი იმისა, რომ დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარ ჩვენს ქვეყანაში,1992 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურაში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე, ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საჭირო საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი. ხოლო 2005 წელს, სამთავრობო დადგენილების საფუძველზე, აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყო ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტად. სიამაყით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საავიაციო უნივერსიტეტმა თავისი დაარსებიდან მოკლე პერიოდში მრავალი მფრინავი და ავიასპეციალისტი მოუმზადა, როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნებს. უნივერსიტეტს დღეისათვის გააჩნია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2.რა განსხვავებულ პირობებს სთავაზოს თქვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს და მომავალ სტუდენტებს?

მომავალ პროფესიონალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადების მიზნით, უნივერსიტეტის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი, თვითმფრინავები Cessna-152, Aeroprakt A-22, Tecnam P2006T, Boeing 737-200, EASA-ს სტანდარტების შესაბამისი FNPT II MCC კლასის თვითმფრინავის და შვეულმფრენის სიმულატორები, კეთილმოწყობილი სპეციალიზირებული ლაბორატორიები და სხვა. უნდა აღინიშნოს რომ უნივერსიტეტს გააჩნია როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისურენოვანი პროგრამები რაც საშუალებას გვაძლევს, რომ პრესტიჟულ პროფესიებს დაეუფლონ, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. უნივერსიტეტში მოღვაწეობენ ღვაწლმოსილი პროფესორ მასწავლებლები, გამოცდილ მფრინავ-ინსტრუქტორთა შემადგენლობა და დარგის პროფესიონალი პერსონალი. სწორედ ყველა მათგანის უდიდესი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩვენს სასწავლო დაწესებულებას უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა, რაც თავის მხრივ ყველა აკადემიური დონის ავიასპეციალისტთა მომზადების უფლებას იძლევა. უნივერსიტეტს გააჩნია

3.მოგვიყევით, რა გზა გაიარა უნივერსიტეტმა დღემდე მოსასვლელად, და რას გეგმავთ სამომავლოდ?

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში 2021 წლის 17-19 მაისს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი განხორციელდა, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწვეული დიდი ბრიტანეთის მოქალაქე პროფესორი დევიდ კენედი ხელმძღვანელობდა. ექსპერტთა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ სტუდენტი, განათლების და სამოქალაქო ავიაციის დარგის სპეციალისტი ექსპერტები. ექსპერტთა ჯგუფისთვის უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული თვითშეფასების ანგარიშით, სხვადასხვა წერილობითი დოკუმენტაციით, ინტერვიუებითა და დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებით დადასტურდა, რომ უნივერსიტეტის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მასში მიმდინარე პროცესები, სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ESG 2015. აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი, იმისა რომ ავტორიზაციის საბჭომ ერთხმად მიანიჭა საავიაციო უნივერსტიტეტს 6 (ექვს) წლიანი უპირობო ავტორიზაცია. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ საავიაციო უნივერსიტეტმა ასევე წარმატებით გაიარა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია და პროფესიული განათლების მიმართულებით ავტორიზაცია, რაც თავის მხრივ გულისხმობს რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დიპლომები და ლიცენზიები აღიარებულია საერთაშორისო დონეზე. ვფიქრობთ, რომ წინ კიდევ უფრო მეტი სიახლე გველოდება, ვაგრძელებთ მუშაობას საგანმანათლებლო პროგრამების დამატების კუთხით, ასევე აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ჩვენ უცხოელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთობლივი საინტერესო პროექტების განხორციელების მიზნით.

4.და ბოლოს, რას ეტყვით მომავალ სტუდენტებს, რატომ უნდა ჩააბარონ თქვენთან?

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საავიაციო პროფესიონალი კადრების დეფიციტი იგრძობა და ეს ტენდენცია უფრო მეტად შესამჩნევი ხდება საქართველოშიც, გვეძლევა არგუმენტი იმისა, რომ მომავალ ავიატორებს მივმართოთ: აირჩიეთ განსხვავებული, საინტერესო, პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი პროფესიები, იმის გათვალისწინებით, რომ საავიაციო უნივერსიტეტში მაღალკვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დონის სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დახმარებით ყველანაირი პირობაა თქვენი პროფესიული ზრდის უზრუნველსაყოფად. როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით და გაიაროთ სხვადასხვა სახის გადამზადების კურსები უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ საერთაშორისო საავიაციო ტრენინგ ცენტრში. ეს, კურსდამთავრებულებს საკუთარი პროფესიით დასაქმების მაღალ შანსს აძლევს ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად სფეროში, სამოქალაქო ავიაციის სისტემაში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უნივერსიტეტში შექმნილია კომფორტული და მეგობრული გარემო, როგორც უცხოელი სტუდენტებისთვის, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ