„მსოფლიო საფოსტო კავშირმა“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით „საქართველოს ფოსტა“ 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის რიგით მერვე საერთაშორისო კონკურსს გამართავს.

კონკურსი, რომელიც წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს, 1971 წლიდან „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება და მის მიზანს წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება, ახალგაზრდა თაობაში წერილობითი ურთიერთობის წახალისება და თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება წარმოადგენს.

2021 წლის საკონკურსო თემაა „მიწერე წერილი შენი ოჯახის წევრს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების შესახებ“ (“Write a letter to a family member about your experience of Covid-19”).

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება, ამასთან, ხუთი წევრისგან შემდგარი ჟიური საუკეთესო სამეულს გამოავლენს. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.

ნაშრომის წარდგენის საბოლოო თარიღია 2021 წლის 16 აპრილი. წერილის დაწერა შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ, ესპანურ და არაბულ ენებზე. საკონკურსო წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/TcwC2fu

დამატებითი შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: letter@gpost.ge

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი „მსოფლიო საფოსტო კავშირის ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა და მას შემდეგ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეროვნული ოპერატორები ყოველწლიურად მართავენ წერით კონკურსს, რომელშიც მილიონობ მოზარდი მონაწილეობას.