ნიშნავს თუ არა 4 საგნის ჩაბარება გრანტის მოპოვების მეტს შანსს და როგორ გამოითვლება აბიტურიენტის დაფინანსება ასეთ დროს

როგორ ხდება გრანტის გამოთვლა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 4 საგანს აბარებენ და აქვთ თუ არა მათ პრივილეგია იმ აპლიკანტებთან შედარებით, რომლებიც 3 საგანს აბარებენ? – აღნიშნულ კითხვას  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს. 

გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი).

მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. უმაღლესი დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი.

აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.

აბიტურიენტი ორ საგრანტო კონკურსში იღებს მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც, თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სამი სავალდებულო საგანია განსაზღვრული, თუმცა მესამე სავალდებულო საგნად განსაზღვრულია როგორც მათემატიკა, ისე ისტორია და აბიტურიენტი აბარებს ორივეს.

იგივე წესი მოქმედებს სამედიცინო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამების) შემთხვევაში, სადაც ასევე 4 საგნის ჩაბარებაა სავალდებულო. ამ პროგრამებზე აბსოლუტური ქულა გამოითვლება:

  1. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ბიოლოგიის შედეგების გათვალისწინებით;
  2. ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის და ფიზიკის/ქიმიის/მათემატიკის (იმის შესაბამისად, თუ რომელი გამოცდა აქვს ჩაბარებული აბიტურიენტს) შედეგების შესაბამისად.

წყარო;etaloni.ge