ოქროს მედალოსნები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაასრულა. ახლა აბიტურიენტები გათანაბრებულ ქულებსა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ელოდებიან. ბევრმა მათგანმა სასურველი შედეგი მიიღო, ნაწილმა კი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც უმაღლესი შედეგს მიაღწიეს  და ყველა საგანში მაღალი შეფასება მიიღეს:
სალომე ჟოჟაძემ ბათუმის მომავლის სკოლა დაამთავრა და ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ქართულში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო. მაქსიმალური შეფასება – 63 ქულა აქვს ქიმიაშიც. ბიოლოგიაში 70-იდან 68-ის, ხოლო ინგლისურში 80-დან 76 ქულის მიღება შეძლო. სალომე მომავალი ექიმია, უნივერსიტეტში, რომ სრული დაფინანსებით მოხვდება, კითხვა არავის უჩნდება, მანამდე კი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება, როგორ შეძლო უმაღლესი შედეგის მიღწევა.

mshoblebi

– შედეგის მიღწევაში, პირველ რიგში, საკუთარი შრომა, მონდომება და ოჯახის მხარდაჭერა დამეხმარა. ირგვლივ უამრავი ადამიანი მყავდა, ვინც მთელი გულით მგულშემატკივრობდა და ძალიან მიხარია, რომ მათი იმედები გავამართლე. გარდა ამისა, დამეხმარა სკოლა, მასწავლებლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ამ პროცესში. დამატებით მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვე ვემზადებოდი, ინგლისურში კი რეპეტიტორის დახმარება არ დამჭირვებია.

– გარდა სასკოლო პროგრამისა, რა დაგეხმარა წარმატების მიღწევაში?

– ყოველთვის ვცდილობდი, დამატებითი მასალა მესწავლა, რაც დამეხმარებოდა. ზოგადი განათლება გამემდიდრებინა, ბევრი მენახა და მომესმინა. ბიოლოგიასა და ქიმიაში დამატებით ინფორმაციას ვკითხულობდი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვაბარებ და ეს ცოდნა ისედაც დამჭირდება. ინგლისურს რაც

შეეხება, ვცდილობდი, ბევრი ვიდეო და ფილმი მენახა, რაც შედეგის მიღწევაში დამეხმარა კიდეც.

– როგორ შეაფასებ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტების სირთულეს?

– საშუალო სირთულის ტესტი იყო და ჩემთვის საკმაოდ საინტერესო.

– სკოლაში როგორ სწავლობდი?

– სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე.

– რა შეგიძლია სხვა აბიტურიენტებს ურჩიო?

– ვურჩევ, ყველაფერი გააკეთონ, რომ სწავლის პროცესი საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდეს. მხოლოდ გამოცდის ჩასაბარებლად არ მიიღონ ინფორმაცია, იფიქრონ, რომ მომავალში ეს ცოდნა ძალიან დაეხმარება თითოეულ მათგანს. გარდა ამისა, არ დანებდნენ და იფიქრონ, რომ ასე ოჯახისა და საკუთარი თავის იმედებს გაამართლებენ, რაც დაუვიწყარი ემოციაა. მადლობას გადავუხდი ჩემს მშობლებს და ადამიანებს, რომლებიც მამხნევებდნენ. მადლობა, ჩემს სკოლასა და იმ მასწავლებლებს, რომლებიც დამეხმარნენ, რომ დღეს ეს შედეგი მქონოდა.

გიორგი ბრეგვაძემ თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა. FLEX-ის პროგრამით ერთი წელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა. ამბობს, რომ ამერიკაში მიღებული გამოცდილებაც დაეხმარა მაქსიმალური შედეგის მიღწევაში. ისტორიაში 60-დან 59 ქულა აიღო, ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-იდან 68, ხოლო ინგლისურში 79 ქულა 80-იდან. როგორც თავად ამბობს, არჩევანს კავკასიის უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის გააკეთებს.

mshoblebi

– ზოგადად, ლიტერატურა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს და მგონია, მაღალი შედეგის მიღწევაში წიგნებისადმი სიყვარულიც დამეხმარა. ვეცნობი არა მხოლოდ ქართველ ავტორებს, არამედ მსოფლიო ლიტერატურასაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისური ენის გაკვეთილზე ბევრი რამ ვისწავლე, რადგან იქ ნაწარმოებების დაზეპირება კი არა, გააზრება და კრიტიკული ანალიზის დაწერა მოგვეთხოვებოდა. დაახლოებით, იმავე სტრუქტურის ანალიზი უნდა დამეწერა, როგორიც დღეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზეა. არგუმენტირებულ ესეში, არგუმენტირების ნაწილში, ისტორიის ცოდნა ძალიან დამეხმარა. ამიტომაც, მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, დაკვირვებითა და გულდასმით ისწავლონ ისტორია, რადგან ისტორიის ცოდნა მოსწავლეებს არა მარტო უხვი ინფორმაციით ამარაგებს, არამედ მოვლენათა ანალიზსა და მიზეზშედეგობრივი კავშირის პოვნას ასწავლის. ამ უნარების ფლობა კი, ცხადია, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაშიც ძალიან დაეხმარებათ. რაც შეეხება ინგლისურს, ის ჩემთვის ყველაზე მარტივი გამოცდა იყო, რომელსაც ვაბარებდი. ბევრად უფრო რთული საკითხები მქონდა გავლილი. ძალიან მომწონს ეროვნულ გამოცდებში ის, რომ არ გვაქვს გრამატიკული სავარჯიშო იმიტომ, რომ წერა თავისთავად ამოწმებს გრამატიკას. მოსასმენი დავალება ხშირად აბიტურიენტებისათვის “აქილევსის ქუსლია”. ჩემთვის რთული არ ყოფილა, რადგან ბავშვობიდან ვუყურებ ფილმებსა და სერიალებს ინგლისურ ენაზე, საინტერესო თემებზე ინგლისურად ვიძიებ ინფორმაციას. უცხოური ლიტერატურის წაკითხვაც დამეხმარა. ისტორიაში ძალიან მომწონს ის, რომ გამოცდა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნას არ ამოწმებს. ორიენტირებულია ლოგიკაზე, აზროვნებაზე, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენასა და სხვადასხვა საჭირო უნარზე. ტესტის კარგად დაწერაში დამეხმარა როგორც ჩემი შრომისმოყვარეობა და მონდომება, ასევე ზოგადი განათლება. მიყვარს დოკუმენტური ფილმების ყურება, რაც გამოცდაში საკუთარი აზრის უკეთ ჩამოყალიბებასა და მსჯელობაში დამეხმარა. ჩემს მასწავლებლებს, თამუნა ძინძიბაძესა და ნინო შეყლაშვილს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. მათ ძალიან დიდი ცოდნა და მოტივაცია მომცეს.

– სკოლაში როგორ სწავლობდი?

– სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე.

– სხვა აბიტურიენტებს რა შეგიძლია ურჩიო?

– მონდომება და შრომისმოყვარეობა შედეგს ყოველთვის გამოიღებს. ასევე, ყველას ვურჩევ, მოუსმინონ მხოლოდ მასწავლებელსა და საკუთარ თავს, ნუ ინერვიულებენ აბიტურიენტებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ჯგუფში განხილულ საკითხებზე, რადგან იქ არსებული აზრთასხვადასხვაობა დააბნევთ და შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. გახსოვდეთ, როდესაც პრობლემას ემოციურ ფონს გამოაცლით, დარჩება მხოლოდ სიტუაცია. სიტუაციებთან გამკლავება კი ყველა ადამიანს შეუძლია. ეროვნული გამოცდაც სიტუაციაა და არა პრობლემა.

ნინი ბარდაველიძეც მომავალი ექიმი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტია საქართველოში. მან ქართულში მაქსიმალური, 70 ქულა აიღო, ქიმიაში 63-დან 61, ინგლისურში 80-დან 76, ხოლო ბიოლოგიაში 70-დან 66 ქულის მოპოვება შეძლო. ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მე-3 საჯარო სკოლა დაამთავრა. დედა ექიმი ჰყავს და ბავშვობიდან თავადაც ამ პროფესიაზე ოცნებობს. ნინი გვიყვება, რა გზა გაიარა იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიეღო:

mshoblebi

– ბავშვობის სურვილმა, გავმხდარიყავი ექიმი, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომეყენებინა. რა თქმა უნდა, მასწავლებლებმაც დიდი სტიმული მომცეს, ოჯახი მხარში მედგა და მამხნევებდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვაბარებ და საკუთარი შედეგით კმაყოფილი ვარ.

– პროგრამაში არსებული საკითხების გარდა, კიდევ რას ითვალისწინებდი, რომ მაქსიმალური შედეგისთვის მიგეღწიათ?

– ვკითხულობდი ძალიან ბევრს. გარდა პროგრამული საკითხებისა, ზოგადი განათლებაც დამეხმარა, რომ სხვადასხვა მიმართულებით ბევრი ინფორმაცია მქონოდა. ინგლისურად ვუყურებდი ფილმებს, ვკითხულობდი და მაღალი შეფასების მიღებაში ესეც დამეხმარა.

– შენთვის, რა სირთულის იყო გამოცდაზე გამოყენებული ტესტები?

– რთული არ ყოფილა. თუ შესაბამის დროს, ენერგიას და მონდომებას დაუთმობდი, საკითხები დაძლევადი იყო.

– სკოლაში როგორ სწავლობდი?

– სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე.

– სხვა აბიტურიენტებს რა შეგიძლია ურჩიო?

– მომავალ აბიტურიენტებს ურჩევ, რომ მაქსიმალურად მოინდომონ და შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ. სულ ახსოვდეთ, ამას რისთვის აკეთებენ. არ დაავიწყდეთ საკუთარი თავიც და მეცადინეობასა და გართობას შორის საუკეთესო შალედი ნახონ.

წელს ისტორიაში მაქსიმალური, 60 ქულა მხოლოდ 5-მა აბიტურიენტმა მიიღო. მარიამ მურვანიძე კი ერთ-ერთი მათგანია. მან ინგლისურშიც უმაღლესი შეფასების მოპოვება შეძლო და 80 ქულა აიღო, ქართულში 70-დან 65, ხოლო უნარებში 80-დან 72 ქულა დააგროვა . მარიამმა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით გეგმავს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტი ახლა მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

mshoblebi

– ცხადია, შედეგი მეცადინეობისა და შრომის დამსახურებაა. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლება და საკითხების გააზრებულად სწავლა. ოთხივე საგანში ვემზადებოდი. პროცესში მასწავლებლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ, რადგან სწორი მიმართულება მომცეს და კარგი შედეგის მიღწევაში დამეხმარნენ. თითოეულ საგანში დიდი მასალაა და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, აბიტურიენტისათვის სწორი მიმართულების მიცემა. დამეხმარნენ მშობლებიც, რადგან სახლში ერთად ვმსჯელობდით და განვიხილავდით ნაწარმოებებს, ისტორიულ ფაქტებს, მოვლენებსა თუ შედეგებს.

– როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისტორიაში მხოლოდ 5-მა აბიტურიენტმა შეძლო მაქსიმალური შეფასების მიღება. ერთ-ერთი შენ ხარ. რა დაგეხმარა უმაღლესი ქულის მიღებაში?

– წინა წლების ტესტებზეც ვმუშაობდი და ვფიქრობ, წელს შედარებით რთული იყო, უფრო მეტ მსჯელობასა და ანალიზს მოითხოვდა, თუმცა, ცხადია, დაუძლეველი არ ყოფილა. შედეგის მიღწევაში პროგრამის კარგად ცოდნასთან ერთად, დამეხმარა სხვადასხვა ტესტზე, მათ შორის, მასწავლებლების ტესტებზე მუშაობა. ასევე, პროგრამა რომ დავასრულე, საფუძვლიანად გადამეორებაც მოვახერხე.

– ზოგადად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რა სირთულის ტესტები იყო?

– ერთადერთი, ისტორიის ტესტი მომეჩვენა გართულებულად. დანარჩენში ყველაში უფრო რთულს ველოდი, ვიდრე იყო. ისტორიაში მხოლოდ ცოდნა არ იყო საკმარისი და ტესტი საკითხებზე მსჯელობას მოითხოვდა.

– სხვა საგნებშიც მაღალი შეფასება გაქვს, გარდა სასკოლო პროგრამისა, რა დაგეხმარა?

– ინგლისური ჩემთვის ყველაზე მარტივი გამოცდა იყო. FLEX-ის პროგრამის გამარჯვებული ვარ, ამერიკაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ პანდემიის გამო, ვირტუალური გაცვლითი წელი მქონდა. ამ ფორმატში, მუდმივად ვხვდებოდი უცხოელებს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დამეხმარა იმიტომ, რომ მქონდა საუბრის, მოსმენის, სხვადასხვა საკითხზე მუშაობის, ესეს დაწერის პრაქტიკა. ფილმებისა და სერიალების ყურება, წიგნების წაკითხვა ინგლისურად და მსგავსი ტიპის აქტივობებიც საინტერესოა. ზოგადი განათლება ქართულშიც ძალიან დამეხმარა, ბევრი არგუმენტი მქონდა სხვადასხვა წიგნიდან, ისტორიიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართალზე ზოგადი უნარების ჩაბარებასაც ითხოვენ, ამიტომ უნარებიც ჩავაბარე და კარგი შედეგი მივიღე.

– სკოლაში როგორ სწავლობდი?

– სკოლა ოქროს მედალზე დავასრულე.

– რა შეგიძლია სხვა აბიტურიენტებს საკუთარი გამოცდილებით ურჩიო?

– აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ გავლილი მასალა ხშირად გაიმეორონ. რაც არ უნდა კარგად ჰქონდეთ ნასწავლი, დავიწყება ძალიან მარტივია. ამიტომ, როდესაც ახალს გაეცნობიან, ძველსაც მიუბრუნდნენ. არ ინერვიულონ და საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოიყენონ.

ჟურნალისტი: თამარ იაკობაშვილი

წყარო: მშობლები.Ge