პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბერს არ დაიწყებენ!

პირველკლასელები სწავლას 15 სექტემბერს არ დაიწყებენ – აღნიშნული გადაწყვეტილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 7 სექტემბერს გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერსდასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში  დაიწყებენ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება.

რაც შეეხება იმ რეგიონებს, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი 4%-ზე მეტი იქნება, პირველი კლასის მოსწავლეები სწავლას 4 ოქტომბერს, ონლაინ ფორმატში დაიწყებენ.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.