პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში სკოლებს საჩუქრად პლანშეტები გადაეცათ

გაეროს ბავშვთა ფონდის და განათლების კოალიციის თანამშრომლებმა გარდაბნის, კახეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს საჩუქრად პლანშეტები გადასცეს, პროექტის „ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვის“ ფარგლებში.

ინიციატივის მიზანია ციფრულ ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდა და ყველა მოსწავლისთვის ხარისიანი განათლების  უზრუნველყოფა.

სკოლების ციფრული მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე 70 ცალი პლანშეტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 10 საჯარო სკოლას გადაეცემა.

სწრაფი რეაგირების პროექტის „ყველა მოსწავლისათვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობა“ მეორე ფაზის ძირითადი მიმართულებებია: სკოლამდელი და სასკოლო განათლება.

სკოლამდელი განათლების მიმართულებით მომზადდება მრავალფეროვანი ვიდეო რესურსები სატელევიზიო ფორმატში სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის. ზოგადი განათლების მიმართულებით გაგრძელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დეცენტრალიზაციის მხარდაჭერა და შეიქმნება სასწავლო და დამხმარე ელექტრონული რესურსები მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის.

ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია. პროგრამა მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.