პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ არ შეჩერებულა

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მიმდინარე ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ და განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.
     მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი რამდენიმე წელია სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ორგანიზაციაა, რომლის მხარდაჭერით საქართველოს განათლების სისტემაში არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელდა.
    მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს 102, 7 მილიონი დოლარის ღირებულების ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ არ შეჩერებულა. პირიქით, პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა სისტემის საჭიროებები, მათ შორის, სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა. მართალია, ამ მიმართულებით სამინისტრო უკვე რამდენიმე წელია მუშაობს, თუმცა დისტანციური სწავლების დანერგვამ ეს პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადაიყვანა.
        მიხეილ ჩხენკელმა სებასტიან მოლინეუსს საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები და სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში – დაბრუნებას ითვალისწინებს.
       მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ შეფასების მოდელზე – განმავითარებელ შეფასებაზე, რომელიც პანდემიის შემდგომაც სისტემის განუყოფელ ნაწილად დარჩება. ხოლო მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა კომპლექსური დავალებების ელექტრონული რესურსები.