პროფესიული განათლების მსურველთათვის ტესტირების თარიღი განისაზღვრა – სტუდენტთა შერჩევა წელს ორი გზით მოხდება

პროფესიული განათლების მსურველთათვის ტესტირების თარიღი განისაზღვრა – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 30 აგვისტოს ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა შერჩევა წელს ორი გზით მოხდება.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა უმრავლესობაზე სტუდენტთა შერჩევას კოლეჯები დააორგანიზებენ და უმეტესად ონლაინ ფორმატში წარიმართება 23 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. ზოგიერთ პროგრამაზე კი შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით მოხდება, რომლის თარიღები უკვე განისაზღვრა. ტესტირება 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება.

ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ.

შეგახსენებთ, რომ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.

განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები ლიდერობს.