პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი ინერგება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ავტორიზაციის ეროვნული საბჭოს წევრების მონაწილეობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვის პროცესი, გამოწვევები და გაწეული სამუშაო შეფასდა. შეხვედრაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა თამარ სამხარაძემ მიიღეს.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ავტორიზაციის ახალი სტანდარტი, რომელიც  პროფესიულ განათლებაში ევროპული ხარისხის სტანდარტებს ეფუძნება, 2020 წლიდან ინერგება და ამ პროცესში შეფასებას სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტორიზაციის საბჭოს წევრების პოზიცია. მისივე თქმით, შეხვედრაზე გამოთქმული შეფასებები, შენიშვნები და რეკომენდაციები კიდევ უფრო დააჩქარებს სისტემაში რეფორმის გახორციელებას.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მოქმედი საბჭო დაკომპლექტებულია დარგის ექსპერტებითა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებით. საბჭომ მოკლე პერიოდში პროფესიულ განათლებაში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობითა და მოსაზრებების გაზიარებით, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ბევრი სიახლე და ინიციატივა დანერგა.

ავტორიზაციის ახალი სტანდარტის საფუძველზე, მიმდინარე წლის მიღებისთვის პროფესიული განათლების სისტემა მთელი ქვეყნის მასშტაბით 120-ზე მეტ ახალ პროგრამას შესთავაზებს აპლიკანტებს. 850 ადგილი დაემატა პროგრამებს, რომელშიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებია ინტეგრირებული.  ამასთან, პროფესიული განათლების მიღება ხელმისაწვდომი გახდა ოთხ ახალ ლოკაციაზე. მათ შორის, ახალ კოლეჯებს მიენიჭათ ავტორიზაცია კასპსა და დმანისში. რუსთავის კოლეჯ „მოდუსს“ მიეცა პროგრამების გახორციელების უფლება მარნეულში, ხოლო ოზურგეთის კოლეჯი „ჰორიზონტი“ პროგრამებს დამატებით განახორციელებს სოფელ გორაბერეჟოულის სასწავლო ბაზაზე.

წყარო: mes.gov.ge