რატომ არ უყვართ მოსწავლეებს მეცადინეობა – სიზარმაცე თუ უინტერესო დავალებები?

„თუკი განათლების სისტემა დროულად ვერ აუწყობს ფეხს 21-ე საუკუნის მოთხოვნებს, ის უბრალოდ კონკურენციას ვეღარ გაუწევს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ახალგაზრდებს განათლების ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს“

მოსწავლეთა უმრავლესობისთვის მეცადინეობა არც ისე სასიამოვნო პროცესია. მშობლებიც ხშირად წუხან იმაზე, რომ მათ შვილებს სწავლა არ უყვართ და დიდ ენერგიას ხარჯავენ იმისთვის, რომ ,,ბავშვი სამეცადინოდ დასვან“. თუმცა, იქნებ, პრობლემა არა ბავშვში, არამედ სკოლაში არსებულ სწავლების მეთოდებშია?!

ახალი თაობა ტექნოლოგიებით გარშემორტყმულ სამყაროში ცხოვრობს. მათ არ იციან ცხოვრება მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა თუ სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების გარეშე. ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა ტექნოლოგიურად განვითარებული ბავშვის მხოლოდ ფურცელზე დატანილი ინფორმაციით დაინტერესება მაშინ, როცა მათ წინ, ისევ და ისევ ინტერნეტის დახმარებით, გაცილებით დიდი და მრავალფეროვანი სამყაროა გადაშლილი?

ბავშვთა ჯანდაცვის სახელმძღვანელოს მიხედვით, დღეს მოსწავლეები ტექნოლოგიურად ბევრად თანამედროვე არიან, ვიდრე მასწავლებლები ან მათი მშობლები. შესაბამისად, როდესაც პედაგოგებს არ აქვთ შესაბამისი ციფრული წიგნიერება და ტექნიკური აღჭურვილობა, მათთვის რთული ხდება მოსწავლეების ინტერესისა და ყურადღების შენარჩუნება სწავლების პროცესში. ასეთ დროს, სკოლა ბავშვისთვის არა შემეცნების შესაძლებლობა, არამედ დროის კარგვაა.

„თუკი განათლების სისტემა დროულად ვერ აუწყობს ფეხს 21-ე საუკუნის მოთხოვნებს, ის უბრალოდ კონკურენციას ვეღარ გაუწევს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ახალგაზრდებს განათლების ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს. მე ვიცნობ ბავშვებს, რომლებისაც უბრალოდ არ სურთ სკოლაში სიარული, რადგან ინტერნეტით გაცილებით საინტერესო ინფორმაციებს იღებენ. ამის ფონზე, სკოლაში მიღებული ცოდნა და დავალებები, მათთვის საინტერესო აღარ არის. სისტემა უნდა განვითარდეს ისე, რომ ეს ალტერნატივები ჩაეშენოს მასში“, – აღნიშნავს განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.

განათლების სისტემაში დღემდე არაერთი ცვლილება განხორციელდა. თუმცა, რამდენად არის გათვალისწინებული ამ პროცესში ბავშვის სურვილები? ვეკითხებით თუ არა მოსწავლეებს, რა სურთ მათ და როგორია ის იდეალური გარემო, რაც მათში მეცადინეობისა და სკოლაში სიარულის სურვილს გამოიწვევდა?

მაღალი ციფრული წიგნიერების მქონე ბავშვებში ხშირად დავალებები არა მხოლოდ უინტერესო, არამედ გაუგებარიცაა. განათლების სამინისტროს წარმომადგენლები სიამაყით უსვამენ ხაზს სახელმძღვანელოების გრიფირების საკითხს. თუმცა, რა მიზანს ემსახურება სახელმძღვანელოს ცვლილება, თუკი იგი მოსწავლის უნარებსა და განვითარების დონეზე არ იქნება მორგებული?

სიმონ ჯანაშია: „სახელმძღვანელოების გრიფირების სისტემა არის ძალიან მოძველებული მეთოდი. როგორც წესი, ეს სახელმძღვანელოები 6 წლის მანძილზე არ იცვლება, არადა, ხშირად ტექსტები შესაცვლელია, იმიტომ, რომ ახალი ინფორმაცია გვაქვს. თვითონ გრიფირების არსი, რომ სახელმწიფომ აკონტროლოს შინაარსი, რა და როგორ მიეწოდოს მოსწავლეს, თავისთავად მოძველებულია. ამ ბავშვებს ხელში ტელეფონები უჭირავთ, მათ აქვთ წვდომა ყველა ინფორმაციაზე, რაც კი არსებობს. მასწავლებლებს მეტი ბერკეტი უნდა ჰქონდეთ, თავად გადაწყვიტონ, რა სჭირდებათ მოსწავლეებს“.

ასეთ პირობებში მეცადინეობის დროს წარმოქმნილი დაბრკოლებების გადალახვას სკოლის მოსწავლეები ოჯახის წევრების დახმარებით ცდილობენ.

„მეცადინეობის დროს უფროსის დახმარება ხშირად მჭირდება, რადგან სახელმძღვანელოებში ტექსტი ისეთი სიტყვებით არის ხოლმე გადმოცემული, რომ გაგება მიჭირს. ძირითადად ჩემი 27 წლის ძმა მეხმარება. ჩემი კლასელებიც ასე არიან. ისინიც, ვინც კარგად სწავლობენ და კარგი ნიშნები აქვთ. მასწავლებლებს რომ ვეუბნებით ამას, უკვირთ, რა ვერ გაიგეთო. განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში მიჭირს. რადგან პრაქტიკული საკითხებიც თეორიულად წერია და ვერ აღვიქვამ“, – ამბობს  მეშვიდე კლასის მოსწავლე ბარბარე თევდორაძე.

ჩვენთან საუბარში ბარბარე ასევე აღნიშნავს, რომ სწავლების პროცესში ქვიზებისა თუ სხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება მისი სწავლის ხარისხს ბევრად გააუმჯობესებდა. მაგალითად, გეოგრაფიაში ის აქტიურად იყენებს sporcle quiz-ს, რომლის დახმარებითაც რამდენიმე დღეში ისწავლა პოლიტიკური რუკა, რაც მხოლოდ გეოგრაფიის სახელმძღვანელოთი ვერ შეძლო. ბარბარეს თქმით, სწავლების პროცესში მსგავსი ტექნოლოგიური საშუალებების და თამაშების გამოყენება მის მოტივაციას გაზრდის, რადგან ასეთი მეთოდით სწავლის დროს მას არ ეშინია შეცდომის დაშვების.

„ვფიქრობ, გადასახედია ის ენა, რომლითაც სახელმძღვანელოები იწერება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთი აბზაცი პირდაპირ არის დაკოპირებული სხვადასხვა წყაროდან და არ არის ადაპტირებული მოსწავლეებისთვის. განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა საბუნებისმეტყველო საგნებში. ეს ვრცელი თეორიული მასალა ისეა თავმოყრილი პრაქტიკული სავარჯიშოების გარეშე, რომ მისი ბოლომდე აღქმა სტუდენტსაც გაუჭირდება. დიდი პრობლემაა, ასევე, საბუნებისმეტყველო საგნებში პრაქტიკული მუშაობების სიმცირე ან არარსებობა. ამის გამო ბავშვებს ავიწყდებათ წინა გაკვეთილზე ათვისებული მასალა და შესაბამისად, წყდება ის ჯაჭვი, რომელიც ამ საგნების სწავლებისას ასეთი მნიშვნელოვანია”, – აღნიშნავს  ბარბარეს ძმა ვაკო თევდორაძე, რომელიც დის სწავლის პროცესში აქტიურადაა ჩართული.

ბუნებრივია, ხარისხიანი განათლების მისაღებად ტექნოლოგიების გამოყენება არ არის ერთადერთი გზა. მაგალითად, იაპონიის განათლების სისტემა ნაკლებადაა სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაზე ორიენტირებული, თუმცა ეს ფაქტი ხელს არ უშლის აღნიშნულ ქვეყანაში განათლების ხარისხის მაღალ დონეს. უფრო მეტიც, განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიას აზრით, ჩვენი დღევანდელი განათლების სისტემა არ არის მზად ციფრულ სწავლებაზე აქტიურად გადასასვლელად. პირველ რიგში, მასწავლებლებს არ აქვთ სათანადო ცოდნა. გარდა ამისა, ისეთი ქვიზები თუ საგანმანათლებლო თამაშები, რომლებზეც მოსწავლეები საუბრობენ, როგორც წესი, არაქართულენოვანია, რაც დაბრკოლებას წარმოადგენს, განსაკუთრებით, პედაგოგებისთვის, რომლებსაც მსგავსი გაკვეთილების მომზადებისთვის ან საკმარისი დრო არ აქვთ ან კომპეტენციები. ასევე მაღალმთიან რეგიონებსა და გარკვეულ სოფლებში მწირია ინტერნეტთან თუ ტექნიკურ აღჭურვილობასთან წვდომა. თუმცა, სწავლების პროცესის სწორად დაგეგმვის, რესურსების ადეკვატური გადანაწილებისთვის თუ სულ მცირე, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, მოსწავლეში სწავლისადმი ინტერესის გამოწვევა არც ისეთი რთული საქმეა.

როცა ბავშვს მეცადინეობა არ უნდა, ყველაზე მარტივი ასეთ დროს იმ დასკვნის გამოტანაა, რომ ზარმაცია. თუმცა, თუკი მათ დავალებებს გავეცნობით, მივხვდებით, რომ ,,დამნაშავე“ სხვაგან უნდა ვეძებოთ. არც ,,ზარმაცი“ ბავშვის მშობლისთვის იქნება საინტერესო, პირობითად, სასარგებლო წიაღისეულების ზეპირად სწავლა და ჩამოთვლა. თუკი მასალების დაზეპირებას მოსწავლეთა მეხსიერების გასაუმჯობესებლად ითხოვენ, მინიმუმ, განათლების მიზანს ძალიან ვიწრო კონტექსტში ხედავენ. სასარგებლო წიაღისეულების სწავლება გამართლებულია მაშინ, როცა მოსწავლე იაზრებს, რა მნიშვნელობა აქვს ბუნებრივ რესურსებს გლობალიზაციის პროცესში, ხომ არ აზარალებს კონკრეტული წიაღისეულის მოპოვების მეთოდები ბუნებას და ა.შ. ამ პროცესში ხდება მოსწავლის მომზადება მოქალაქეობისთვის, რაც სკოლის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს. არც გეოგრაფია და არც სხვა რომელიმე საგანი არ გამოიწვევს ინტერესს მოსწავლეში, თუკი იგი კონტექსტიდან ამოგლეჯილად იქნება მათთვის მიწოდებული და არც ერთი საგნის სწავლა არ იქნება გამართლებული, თუკი ის მოსწავლეს არ მოამზადებს იმ სამყაროსთვის, რომელში ცხოვრებაც მოუწევს.

ფსიქოლოგი მეგი საჯაია  კომბინირებული სწავლების აუცილებლობას უსვამს ხაზს:

„ბავშვებს უნდა ჩამოვუყალიბოთ 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი უნარები. დღეს, იმისათვის, რომ შევქმნათ სრულყოფილი მოსწავლე სრულყოფილი უნარებით, სწავლების პროცესში ტრადიციულ მეთოდებთან ერთად, აუცილებელია ტექნოლოგიების გამოყენება. მნიშვნელოვანია, ღია ვიყოთ სიახლეებისადმი, რადგან დღეს ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია და მოსწავლე მზად უნდა იყოს ამისთვის“.

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით იმ რისკებს, რაც ტექნოლოგიების გამოყენებასთან არის დაკავშირებული – სწავლების პროცესში ინტერნეტის არასასწავლო მიზნით გამოყენება. თუმცა, როგორც ფსიქოლოგი მეგი საჯაია აღნიშნავს, მსგავსი პრობლემა არ დადგება დღის წესრიგში, თუკი მშობელი სათანადოდ იქნება ჩართული შვილის სწავლების პროცესში.

„მშობელი ინფორმირებული უნდა იყოს, დავალების მოსამზადებლად რეალურად სჭირდება თუ არა ბავშვს ინტერნეტი ან რა დოზით სჭირდება. ამისთვის მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო მშობლისა და შვილის ურთიერთობა ცოცხალი პროცესია. არ უნდა იყოს ისე, რომ ბავშვი სექტემბერში სკოლაში გაუშვა, შემდეგ ივნისში წამოიყვანო და მთელი ეს პერიოდი კავშირი არ გქონდეს მასთან. ყველაფერი ინტერნეტის და განათლების სისტემის ბრალი ვერ იქნება. ბავშვმა რომ ინტერნეტი მიზნობრივად გამოიყენოს, ეს დიდწილად მშობლის პრეროგატივაა“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

P.S. განათლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე მუშაობისას, მრჩება განცდა, რომ ახალს ვერაფერს ვამბობ, რადგან საკითხი ყოველთვის მარტივად დგას, პასუხები აშკარაა, თითქოს, ყველა პრობლემა ისედაც იდენტიფიცირებულია, ვიცით რა არის შესაცვლელი – ამ შემთხვევაშიც, ვიცით, რომ თანამედროვე ბავშვს სწავლების განსხვავებული და ტექნოლოგიებით გაჯერებული მეთოდები სჭირდება; ვიცით, რომ ბავშვი თავისთავად ბეჯითი არ იბადება და მას სკოლამ უნდა გაუჩინოს სწავლის სურვილი; ვიცით, რომ სახელმძღვანელოებში არსებული მასალა მოსწავლეებისთვის არც ისე გასაგებ ენაზეა დაწერილი. ყველაფერი ვიცით, მაგრამ წლები გადის და ან არაფერი იცვლება ან მხოლოდ ზედაპირულად.

ამიტომ, ყველა თემის ბოლოს ერთი და იგივე შეკითხვა მიჩნდება – თუკი ვიცით, სად არის პრობლემა, რატომ ვერ/არ ხდება მისი აღმოფხვრა და რატომ ვერასდროს გახდა განათლება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხი?!

-ტომ!
პასუხი არ არის.

edu.aris.ge-სთვის მოამზადა ინგა ღოღობერიძემ