რაშია 3 საგანმანათლებლო დაწესებულების საიდუმლო, სადაც შენობაში სწავლობენ და კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

სინგაპურის სამ ძირითად უნივერსიტეტში დღემდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მათი საიდუმლო მდგომარეობს ტექნოლოგიების გამოყენებაში, მკაცრ სასჯელსა და თავად სტუდენტებში, რომლებიც მზად არიან დაიცვან წესები. უფრო დეტალურად წაიკითხეთ The New York Times-ის სტატიაში.

სამთავრობო ინიციატივით, თითქმის 6-მილიონი​ანი მოსახლეობის მქონე ქალაქ-სახელმწიფოს უნივერსიტეტებმა კორონავირუსთან ბრძოლის მკაცრ მიდგომას მიმართეს. შედეგად კი – პანდემიის დაწყებიდან სინგაპურის სამი მსხვილი უნივერსიტეტიდან (სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი, ნანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტი) არც ერთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ ყოფილა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სინგაპურის უნივერსიტეტების წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია აგრესიული რეაქცია პანდემიაზე ზოგადად საზოგადოებაში. მთავრობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს და მუდმივ მცხოვრებელს უფასო ტესტირებას და სამედიცინო დახმარებას სთავაზობს, ასევე სწრაფად გადაჰყავს ადამიანები იზოლაციაში და მათ კონტაქტებს იკვლევს.

ასევე საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ უნივერსიტეტების ადმინისტრაციამ შეიმუშავა წესები, მათი დარღვევისთვის ჯარიმების სიტემა და ასევე ტექნოლოგიების გამოყენებით, პროცესის ყოველდღიურად კონტროლის სისტემა.

მაგალითად, სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში (NUS) არსებობს სიტემა, რომელიც აკონტროლებს თუ რამდენად გადავსებულია უნივერსიტეტის შენობა. იმას, თუ რამდენი ადამიანია კაფეტერიაში, ყოველდღიურად უნივერსიტეტის პრეზიდენტი ონლაინ-პანელის საშუალებით აკვირდება. თუ რუკა რეალურ დროში აჩვენებს, რომ ერთი კაფეტერია გადატვირთულია, პრეზიდენტი ადმინისტრატორებს მოუწოდებს ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად სტუდენტებს რჩევები მისცენ, მათ შორის ურჩიონ კამპუსში საკვების უფასოდ მიწოდების სერვისი გამოიყენონ. გარდა ამისა, უნივერსიტეტი მზადაა სტუდენტების მასშტაბური ტესტირებისთვის და ჩამდინარე წყლების ანალიზს იწყებს, იმის გასარკვევად, შეიცავენ თუ არა ისინი ვირუსს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ამის მიზანია, დარწმუნდნენ, რომ სტუდენტებს, მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის დაავადებულები არ არიან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კამპუსის ტერიტორიაზე დახლოებით 50 000 ადამიანი იმყოფება.

სტუდენტები ჰყვებიან, რომ ახლა ოთახიდან გასვლამდე მისაღებში მყოფი ადამიანების რაოდენობას ითვლიან, ასევე სპეციალური აპლიკაციის დახმარებით საკუთარი ტემპერატურის შესახებ ადმინისტრაციას დღეში ორჯერ ატყობინებენ.

სინგაპურელი პროფესორები აღნიშნავენ, რომ სამივე უნივერსიტეტს აერთიანებს ის, თუ როგორ რეაგირებენ სტუდენტები შეზღუდვებზე და მათ რეაქციას ჰარვარდის სტუდენტებისას ადარებენ, რომელთაც ონლაინ-სწავლება გააპროტესტეს და აღნიშნავენ რომ მათი მოსწავლეებს შეზღუდვები არ გაუპროტესტებიათ და „საკმაოდ მორჩილნი“ იყვნენ. გარდა ამისა, სინგაპურში სტუდენტების უმრავლესობა კამპუსებში არ ცხოვრობს, ისინი კი ვინც კამპუსშია, მკაცრ წესებს იცავს. სტუდენტური გაერთიანებები კი, რომელთაც მასშტაბური წვეულებების მოწყობა შეეძლოთ, არ არის.

„სინგაპურში თქვენ უბრალოდ ვერ შეხვდებით 500 ადამიანს წვეულებაზე ხმამაღალი მუსიკითა და ნასვამი ადამიანებით. ეს, სავარაუდოდ, ჩვეულებრივ დროსაც არ მოხდებოდა“,- ამბობს NUS-ის მედიცინის კათედრის პროფესორი დეილ ფიშერი.

სტუდენტები ასევე აღნიშნავენ, რომ წესებს შესაძლო სასჯელის გამოც იცავენ, რადგან ზოგიერთი მათი ჯგუფელი საერთო საცხოვრებლიდან, აკრძალვის მიუხედავად, სტუმრების მიღებისთვის გაუშვეს.

 

წყარო: etaloni.ge