რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა ან სტუდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე – როგორ შევარჩიოთ სასწავლო პროგრამები

საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.

სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამა შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან. უმაღლესი განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.

მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან.

სწავლების მესამე საფეხური (დოქტორანტურა) შედგება არანაკლებ 180 კრედიტისაგან. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების ნახევარზე ნაკლები.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები:

საქართველოში მოქმედებს სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს.

სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.

კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

ავტორიზაცია

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ აკრედიტებული და ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განრიგი 2018 წლიდან

აკრედიტაცია

აკრედიტაცია არის საგანმანათლებლო პროგრამების სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომლის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა, საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. სააკრედიტაციო შეფასება ხორციელდება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებისა და აკრედიტაციის ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს. აკრედიტაცია სავალდებულოა დოქტორანტურის და რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.

შენიშნვნა: სახელმწიფო გრანტი ვრცელდება მხოლოდ აკრედიტებულ პროგრამებზე.

საქართველოში 2020 წლისათვის 63 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოქმედებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ ავტორიზაცია და შესაბამისად, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, სასწავლო უნივერსიტეტი ან კოლეჯი:

  • უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს
  • სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.
  • კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

რეკომენდაციები მომავალი სტუდენტებისათვის

საქართველოში სასწავლო პროგრამები შესაძლებელია განხორციელდეს ავტორიზებულ რეჟიმში, ან იყოს აკრედიტებული. სტუდენტებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი, თუ ისინი აკრედიტებულ პროგრამაზე ჩაირიცხებიან. პროგრამას აკრედიტაცია ენიჭება 6 წლის ვადით, პირობით აკრედიტაციის შემთხვევაში კი 2 წლის ვადით. თუ პროგრამა ახლახანს იქნა შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, მისი აკრედიტაციის ვადა 4 წელია. ჩვენს მიერ შეფასებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დასკვნები და აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ქვემოთ თავი მოვუყარეთ რეკომენდაციებს და სხვა საჭირო ინფორმაციას, რომელიც ვფიქრობთ დაგეხმარებათ პროგრამების შერჩევაში:

· აუცილებლად გაეცანით თქვენს მიერ შერჩეული პროგრამების აკრედიტაციის დასკვნას. გთხოვთ ასევე გაეცნოთ თქვენს მიერ შერჩეული ინსტიტუცი(ებ)ის ავტორიზაციის დასკვნას;

· არჩევანის გასაკეთებლად ძალიან დაგეხმარებათ პროგრამის მიზნებისა და შინაარსის გაცნობა. შეაფასეთ ნამდვილად არის თუ არა კონკრეტული პროგრამით გათვალისწინებული კურსები, რომლებიც თქვენ გაინტერესებთ. პროგრამების აღწერა აუცილებლად უნდა იყოს მოცემული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებ-გვერდებზე;

· შეაფასეთ რა ცოდნასა და უნარებს ავითარებს თქვენს მიერ შერჩეული პროგრამა და შეადარეთ იგი სხვა ინსტიტუციების მიერ შემოთავაზებულ ანალოგურ პროგრამებს;

· გაეცანით და შეაფასეთ პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალი და მათი გამოცდილება; აკადემიური პერსონალის წევრების რეზიუმეები როგორც წესი მოცემული უნდა იყოს ინსტიტუციების ვებ-გვერდზე;

· დააზუსტეთ სწავლების ენა და დარწმუნდით ხომ არ არის საჭირო რომელიმე უცხო ენის ცოდნა პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის;

· შეეცადეთ დაადგინოთ არის თუ არა შესაძლებელი სტუდენტებისათვის, სტაჟირების გავლა, საერთაშორისო მობილობებში და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის ფარგლებში;

· სთხოვეთ უკუკავშირის გაზიარება თქვენს მიერ შერჩეული პროგრამის/ინსტიტუციის კურსდამთავრებულებს;

· გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: – სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა არის 4 წელი და საბაკალავრო პროგრამების შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან;

– საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აუცილებელი წინაპირობაა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება. არ ენდოთ ინსტიტუციებს, რომლებიც გთავაზობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;

– მეორე საფეხურის (მაგისტრატურა) საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა ძირითადად არის 2 წელი და სტუდენტს ჯამური დატვირთვა მოიცავს 120 კრედიტს;

– სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან;

· სადოქტორო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობა არის 3-დან 5 წლამდე. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სადოქტორო საფეხურზე სწავლას ვერ აგრძელებენ პირები, რომელთაც აქვთ Executive MBA ხარისხი.

ექსპრეტთა დასკვნები და საბჭოების გადაწყვეტილებები 

მიღება:

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

 

წყარო:edu.aris.ge