როგორი იქნება განათლების მომავალი?

ალბათ, ხშირად გიკითხავთ საკუთარი თავისთვის ვინ ვარ? რას წარმოვადგენ ამ სამყაროში? რა მინდა? რას ვაკეთებ? ეს კითხვები შემთხვევით სულაც არ ჩნდება. ეს იმის ნიშანი, რომ შენ უკვე ამოწურე თავი კონკრეტულ საკითხში და ახლა დროა, რაღაც შეცვალო. ცვლილები საჭირო და აუცილებელია ყოველთვის და ყველგან.

ცვლილებებს ვერსად გავექცევით. ვერც განათლებაში. სკოლის მოსწავლეები ინფორმაციის მოსაძიებლად ბიბლიოთეკებში აღარ მიდიან და აღარც ძველ ენციკლოპედიებში იქექებიან. სტუდენტებს კი სასწავლო მასალის უმეტესობა თავიანთ ლეპტოპებში, ტაბლეტსა თუ მობილურში აქვთ.  ფაქტია, რომ დღევანდელ განათლებას ცოტა რამ აქვს საერთო 50 წლის წინანდელთან. როგორი იქნება განათლების მომავალი? როგორი იქნება სკოლა და უნივერსიტეტი? ან კი იქნება საერთოდ? რა შეიცვლება სწავლების მეთოდებში მომდევნო 50 წლის განმავლობაში? როგორი იქნება მომავალი მოსწავლე ან სტუდენტი?

ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი ჯერ უცნობია. მაგრამ, უკვე საკმაოდ ბევრი მოსაზრება და ვარაუდი არსებობს მომავალი განათლების შესახებ.

პირველი მთავარი გამოწვევა, რომელიც მომავალ განათლების სისტემას ექნება არის – კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება.

რომელია ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში მოსახლეობის მიხედვით? ამ კითხვაზე გუგლი ,,სხაპასხუპით” გიპასუხებს. მაშინ რატომ უნდა ფასდებოდეს ადამიანი იმავე კრიტერიუმით? ან რა კონკურენცია შეუძლია გაუწიოს მან ტექნოლოგიებს? იმის გამო, რომ ასეთ ფაქტობრივ ინფორმაციაზე წვდომა ყველას გვაქვს, მხოლოდ მსგავსი ცოდნის ადამიანი ახალს ვერაფერს იტყვის და შექმნის, თუ ეს ცოდნა რამესთან არ დააკავშირა, გააანალიზა, ასოციაცია არ გაუჩნდა და ა.შ. ამიტომ, საჭიროა მომავალმა განათლების სისტემამ მოსწავლეებს მისცეს კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური მსჯელობის შესაძლებლობა. ასწავლოს შემოქმედებითი აზროვნება, რაც გამოარჩევს ადამიანის უნარებს ტექნოლოგიების უნარებისგან.

„ნიჭიერი ადამიანები თამაშებს იგებენ, მაგრამ გუნდები – ჩემპიონატებს.“ ეს ,,მომავლის ფრაზაა”. მომავალში განათლების ერთ-ერთი მიზანი ბავშვებში გუნდური მუშაობის უნარების განვითარება იქნება. ამ იდეას გუგლშიც იზიარებენ და ქმნიან კიდეც შესაბამის პროდუქტებს, როგორებიცაა G Suite for  Education, Google Classroom, Jamboard და ა.შ. გუგლის საგანმანათლებლო აპლიკაციების პროდუქტების მენეჯერი ჯონათან როჩელი ამბობს: ,,სკოლა 50 წელში ის ადგილი იქნება, სადაც ბავშვები ისწავლიან კოლაბორაციასა და იდეების გაზიარებას.” მისივე თქმით, აუცილებელია ბავშვებმა ისწავლონ ერთმანეთთან ურთიერთობა, ინფორმაციის გაცვლა და გაზიარება. იმისათვის, რომ გუნდური მუშაობა უფრო მარტივად შეძლონ მოსწავლეებმა, ბრიტანელი ექსპერტები   ვარაუდობენ, რომ ძალიან მალე კლასები ინტერესებისა და უნარების მიხედვით შეიქმნება და არა აუცილებლად ასაკის.

გაიხსენეთ გამოცდების პერიოდი. როგორ ნერვიულობდით თითოეულ საგანზე, უყურებდით საათს, ღელავდით ქულაზე, რას მიიღებდით, რას ეტყოდით მშობელს და ა.შ გამოცდების პერიოდი თითქმის ყველასთვის დიდ ნერვიულობასთან ასოცირდება. მაგრამ, როგორი იქნება მომავლის განათლება გამოცდების მხრივ? საერთოდ, თუ გიფიქრიათ რატომ აბარებთ გამოცდებს? რა მოწმდება ამით? გადაგიჭრიათ კონკრეტული პრობლემა გამოცდით? გაძლევთ გაზომვად შედეგს? განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ სტუდენტების შეფასების მთავარი კრიტერიუმები კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი იქნება და არა ცალკეული ფაქტების ცოდნა. მაგალითად: ჟურნალოსტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მოამზადებენ ნიუსს, სიუჟეტს, ისაუბრებენ კონკრეტულ პრობლემაზე და საზოგადოებას მისი გადაჭრის გზებს აჩვენებენ; ფილოლოგებს კითხავენ, რას ნიშნავს მათთვის კონკრეტული ლექსი ან ნაწარმოები; ტესტებს ჩაანაცვლებს პრაქტიკული პრეზენტაციები და კვლევითი პროექტები.

განათლების ცვლილებებზე სერიოზულად დაფიქრდენ პანდემიის პერიოდში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო 50 წელში საკლასო ოთახებს ,,დისტანციური ოთახები” შეცვლის. ონლაინ ჩართვა, ვიდეოს თუ ხმის ჩაწერა უკვე ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ლექციას შეგიძლია დაესწრო ყველგან და ყოველთვის. ამგვარი მიდგომა გაამარტივებს განათლების მიღებას და უფრო მორგებული იქნება შშმ პირებზეც.

მასწავლებლის/ლექტორის როლი ?

ბუნებრივია, განათლების სისტემაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები წარმოუდგენელია მასწავლებლის თუ ლექტორის გარეშე. მათ მოუწევთ აითვისონ და იმეგობრონ თანამედროვე ტექნოლოგიებთან. TED-Ed Innovative Eduators -ის ერთ-ერთი წარმომადგენელი – დავიდ მიაშირო ამბობს, რომ გაჩნდება ე.წ ,,მენტორების ინსტიტუტი”. ისინი დაეხმარებიან მასწავლებლებს და ლექტორებს სწავლების პროცესის სრულყოფილად წარმართვაში.

პანდემიამ მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი განათლების სისტემაში.  მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები და ყველა ვინც, ჩართულია განათლების სფეროში დაინახავს, რომ რაც შეუძლებელი ჩანს ახლა, მომავალში შესაძლებელი იქნება.

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი