როგორ მოვხვდე საჭირო დროს საჭირო ადგილას?

,,CV გავაგზავნე და ზარს ველოდები”; ,,არ ამიყვანეს”; ,,გასაუბრება ვერ გავიარე,მაგრამ რეზიუმე მოეწონათ” – ეს მცირე ჩამონათვალია, იმ ფრაზებისა, რომელიც დასაქმების პრობლემებთან ასოცირდება.

ადამიანები, რომლებიც დღეს არ არიან დასაქმებულები, ყოველთვის ამბობენ, რომ დასაქმების სერიოზული პრობლემებია, არ არის მათთვის შესაფერისი ვაკანსია, არსებული ვაკანსიები კი, არ მოწონთ. შესაბამისად, ისინი ვერ საქმდებიან და ვერც ფულს შოულობენ. ელოდებიან, როდის გამოჩნდება მათთვის მოსაწონი ვაკანსია. ასე გადის დრო და ლოდინი ყოველდღიურად უფრო დამთრგუნველი და გაუსაძლისი ხდება. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, კომპანიებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მათ ძალიან უნდათ დაასაქმონ ადამიანები, თუმცა შესაფერისი კადრი არსად ჩანს. კომპანიებში, გასაუბრებაზე ასობით, ათასობით ადამიანი (გააჩნია კომპანიის მასშტაბებს) მიდის დღის განმავლობაში. ისინი არიან სხვადასხვა ასაკის, განათლების, მოწოდებების, ინტერესების და ა.შ. უმრავლესობას არ აქვს დასაქმების შანსი, რადგან არ აქვთ მკვეთრად გამოხატული სურვილი, არ აქვთ ეფექტურად შედგენილი რეზიუმე, მათ მიერ დაწერილ სამოტივაციო წერილში ყველაფერია ნათქვამი, ყველაფერი ჩანს, გარდა მოტივაციისა. გასაუბრებაზე ჰყვებიან იგივეს, რაც რეზიუმეში, ისედაც წერია. არ აქვთ აქცენტი გაკეთებული ძლიერ და სუსტ მხარეებზე, არ აჩვენებენ დამსაქმებელს, რომ ,,ის” სწორედ ის არის, ვისაც ამდენი ხანი ეძებდნენ.

ცალსახად კომპანიის დადანაშაულება იმაში, რომ ისინი არ ასაქმებენ ადამიანებს, არასწორია. მითუმეტესს, საერთაშორისო შრომის  ბაზარზე ყოველთვისაა შესაძლებელი სამუშაოს მოძიება. როდის ხდება ასე ? როდის შევძლებ ვიპოვო ოცნების სამსახური ? როცა, შეადგენთ ისეთ რეზიუმეს, რომელშიც თქვენს მიღწევებს, გამოცდილებასა და მყარ ფაქტებს, მხოლოდ ერთ გვერდზე განათავსებთ. დაურთავთ ფოტოს და ისეთ სამოტივაციოს მოამზადებთ, რომელშიც ახსნით თქვენს ინტერესს, მოტივაციას. ჩამოთვლით კონკრეტულ ქმედებებს, როგორ უნდა დაეხმაროთ კომპანიას ოცნებების რეალიზებაში. როცა, საკუთარ თავში არსებული შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენთ, გასაუბრებაზე მისვლისას სახელის, გვარის, ასაკის, კურსის, ფაკულტეტის, განათლებისა და გამოცდილების ნაცვლად, ეფექტურ, ორიგინალურ და კრეატიულ თვითპრეზენტაციას გააკეთებთ. დამსაქმებელს საკუთარ შესაძლებლობებს აჩვენებთ და აუხსნით, კონკრეტულად რა სარგებლის მოტანა შეგიძლიათ. ასე შეძლებთ საჭირო დროს მოხვდეთ საჭირო ადგილას.

 

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი