,,როგორ უნდა შევძლოთ მოსწავლის მოტივირება?!“ – ქეთევან მოდებაძე

როდესაც განათლებაზე ფიქრს ვიწყებთ პირველი, რაც გვახსენდება სკოლაა. ადგილი, სადაც 12 წლის განმავლობაში ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისკენ ვისწრაფვით. ჩვენს სულიერ აღზრდაში განსაკუთრებულად დიდი წვლილი მიუძღვის მასწავლებელს. მათ დღემდე ურთულესი მისია აქვთ აღებული – ახალგაზრდების ჩამოყალიბება კეთილსინდისიერ, მორალურად სუფთა და კულტურულ პიროვნებებად, ღირსეულ ადამიანებად, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებაში არსებული პრობლემის ეფექტიანად გადაჭრას.

ის თუ რა ძირითადი უნარები და შესაძლებლობები უნდა გააჩნდეს ამ ღირსეული პროფესიის მქონე ადამიანს, ასევე როგორ არის შესაძლებელი მოსწავლის მოტივირება, ინგლისური ენის პედაგოგი, ქეთევან მოდებაძე გვესაუბრება.

-მოგვიყევით თქვენს შესახებ

-მე ვარ ქეთევან მოდებაძე, დავიბადე ახალციხის რ-ნი ულამაზეს სოფელ ურაველში.                                        სკოლის პერიოდში, აქტიურად ვიყავი ჩართული როგორც სასკოლო, ასევე შემოქმედებით აქტივობებში. ყველა სასკოლო საგანს დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით ვსწავლობდი; წარჩინებით დავამთავრე სკოლა. ყოველთვის ვიყავი მაქსიმალისტი, მოტივირებული და პასუხისმგებლობით სავსე. ძალიან გამიმართლა, რომ მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები.

სკოლა ცოდნის ის ტაძარია, საიდანაც ადამიანი ძირითად ცოდნასა და ცხოვრებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს იძენს. სკოლის დამთავრების შემდეგ მრავალი გამოწვევაა, რომელსაც მთელი ძალისხმევა უნდა დაუთმო და რაც მთავარია, დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ, ყოველი მარცხი წარმატებისკენ უნდა მომართო და უფრო მეტად გაძლიერდე.

ჯერ კიდევ, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც მშობლებმა შემიყვანეს ცეკვისა და მუსიკის წრეზე. ვუკრავდი ქართულ ხალხურ საკრავზე(ფანდურზე), ვიყავი ქართული ცეკვის სოლისტი. ცეკვა და სიმღერა დღემდე ჩემი ცხოვრების ,,ჰობად’’ იქცა. საკმაოდ პატარა გამოვდიოდი სხვადასხვა კონცერტებსა და ღონისძიებებში. როგორც ყველა ბავშვი, მეც ყოველთვის ენერგიული და სიცოცხლით სავსე ვიყავი. თამაშის დროს, ყოველთვის მასწავლებლის როლი მენიჭებოდა და ვფიქრობ, ეს მთავარი მუხტი იყო ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში.

2000 წელს ჩავირიცხე ი.ჯავახიშვილის სახელობის თ.ს.უ. ახალციხის ფილიალში, უცხო ენათა ფაკულტეტზე სპეციალობით ანგლისტი.

 

-გვესაუბრეთ თქვენი სასკოლო გამოცდილების შესახებ/გაგვიზიარეთ თქვენი აზრით რა ძირითადი უნარები უნდა გააჩნდეს მასწავლებელს?

-2005 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას. ვარ ინგლისური ენის სერთიფიცირებული პედაგოგი. ეს ის პროფესიაა, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი საქმეა. იმუშაო ბავშვებთან ნიშნავს იმას, რომ ძალიან იღბლიანი ხარ, რადგან ვფიქრობ, რომ მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, მაგრამ იყო პედაგოგი, ამისათვის საჭიროა ფლობდე ყველა იმ უნარს, რომელიც შენც და ბავშვსაც დაეხმარება ეფექტურ კომუნიკაციაში.

პირველ რიგში, უნდა გვიყვარდეს ბავშვი და მივიღოთ ის ისეთი, როგორიც არის. გავითვალისწინოთ მოსწავლის ინტერესები და მისწრაფებების სფეროები. ვიყოთ ზომიერად მომთხოვნები და მეგობრულები. მოსწავლეს მუდმივად უნდა ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მისი პედაგოგი ყოველთვის იქნება დასაყრდენი და საიმედო ყოველი პრობლემის დაძლევისას.

ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის დაწყებიდან დღემდე (ვფიქრობ,16 წელი არც ისე ცოტაა, მაგრამ, როგორც პროფესიული, ასევე გამოცდილების კუთხითაც თავდაუზოგავი შრომა არის საჭირო, რადგან ყველა პროფესია მუდმივ სიახლეებსა და განვითარებას საჭიროებს).ბევრი საინტერესო, ნაყოფიერი და შთაბეჭდილებებით დახუნძლული გამოცდილება მივიღე. მათ შორის უცხოურ პროექტებში ჩართულობა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა; მოხალისე უცხოელ პედაგოგებთან მუშაობა, რომელიც ჩემი პროფესიის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იყო; უამრავი ტრენინგ-პროგრამები; სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტები, ინგლისურენოვანი სპექტაკლები, საგანმანათლებლო დანიშნულების ვიდეორგოლები, სადაც მიწევდა ვყოფილიყავი რეჟისორიც და სცენარისტიც. ყველაზე დიდი ჯილდო მასწავლებლისათვის გულანთებული და კმაყოფილი მოსწავლეების სახეებია, რომლებიც დღენიადაგ იმის მოლოდინში არიან, რომ პედაგოგი ახალ-ახალ აქტივობებს შესთავაზებს; მოსწავლეებს ექნებათ არჩევანის უფლება და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება.

,,თუ ჰბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა’ ’ მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს მზად სიახლეების მისაღებად. გამუდმებით ზრუნავდეს საკუთარი პროფესიის განვითარებისთვის.

 

-გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, როგორ უნდა შევძლოთ მოსწავლის მოტივირება?

-სწავლების თანამედროვე მიდგომების გამოყენებით, ობიექტურობით, მეგობრული დამოკიდებულებითა და თავმდაბლობით შესაძლებელია მოსწავლე-მასწავლებელს შორის იდეალური ურთიერთობის ჩამოყალიბება. გარდა იმისა, რომ მასწავლებელი უნდა იყოს კომპეტენტური თავის პროფესიაში, ასევე უნდა იყოს ფსიქოლოგიც. ყველა ბავშვში იმალება რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და უნარი და ჩვენ, პედაგოგებმა უნდა შევძლოთ ამ ნიჭის გამომზიურება და ვუჩვენოთ გეზი ამ ნიჭს განსავითარებლად.

 

-და ბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

-ახალგაზრდებს ვურჩევ: არ დაკარგონ არცერთი წუთი და წამი ფუჭად, გამოიყენონ ,,ყველაზე ძვირფასი დრო’’ და შესაძლებლობა იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ მათ მიერ არჩეულ პროფესიაში, რადგან განათლებული და ღირსეული თაობა უკეთესი მომავლის გარანტიაა.

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ