როგორ უნდა შესრულდეს მინისტრის „სასარგებლო“ ბრძანება?

2021-2022 სასწავლო წელს სკოლებისთვის ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო გახდა, მატერიალური ჟურნალი კი გაუქმდა. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის №94/ნ 2020 წლის 4 სექტემბერის ბრძანებაში ვკითხულობთ.

ელექტრონული ჟურნალის წარმოება საჯარო სკოლებს გასულ წელს დაევალათ, მაგრამ მასთან ერთად სკოლებს მატერიალური ჟურნალის გამოყენებაც შეეძლოთ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო ან კერძო სკოლის ყველა მასწავლებელს არ ჰქონდა შესაბამისი პირობები – კომპიუტერი ან/და ინტერნეტი.

რა შეიცვალა წელს? ყველა მასწავლებელს კომპიუტერი და ინტერნეტი მიუტანეს?
სავარაუდოდ – არა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს და ეს გასაგებიც არის – თუ მასწავლებელს კომპიუტერი და/ან ინტერნეტი არ აქვს, მოსწავლეები დისტანციურად როგორ სწავლობენ?

მაშ, როგორ უნდა შესრულდეს მინისტრის „სასარგებლო“ ბრძანება?

უწყების ცხელ ხაზზე გარკვეულ გზას უკვე ხედავენ და გამონაკლისს უკვე უშვებენ:

„სკოლამ ელექტრონული ჟურნალი აუცილებლად უნდა აწარმოოს, მატერიალური ჟურნალი ძალადაკარგულია, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში, თუ სკოლაში პრობლემაა (მაგალითად), კავშირგაბმულობის, რა თქმა უნდა, ამას გაითვალისწინებენ და შეღავათი იქნება, ამიტომ ასეთ სკოლებში უნდა აწარმოონ მატერიალური ჟურნალიც“, – განაცხადეს სამინისტროს ცხელ ხაზზე.

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში კი, ალბათ, ისევ ცვლილებები შევა.

წყარო:edu.aris.ge