საბავშვო ბაღები გაიხსნება პირველი მარტიდან, უნივერსიტეტები და პროფსასწავლებლები – 15 მარტიდან

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესი აღდგება პირველი მარტიდან. უმაღლეს სასწავლებლებში კი, სასწავლო პროცესი განახლდება 15 მარტს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები როგორც საჯარო, ასევე კერძო, ფუნქციონირებას აღადგენენ პირველი მარტიდან, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის სავალდებულო ტესტირების პირობით. უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას შეძლებენ პირველი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესს აუდიტორიებში განაახლებენ 15 მარტიდან. სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, 1-ლი მარტიდან ასევე შესაძლებელი იქნება ტრენინგების და კონფერენციების ორგანიზება, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით. მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ ასევე 1-ლი მარტიდან; თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1-ლი აპრილიდან.

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან. ამასთან, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

1-ლი მარტიდან უმაღლესებსა და პროფესიულ კოლეჯებს შეეძლებათ, გამოცდები და პრაქტიკული ნაწილი არადისტანციურად წარმართონ