სამი ტიპის დავალება გაუჭირდათ – ისტორიაში უმაღლესი ქულა მხოლოდ 5-მა აბიტურიენტმა მიიღო

აბიტურიენტთა ისტორიის გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, აღნიშნული საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი მანანა ჯავახიშვილი წლევანდელ შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ პირველადი მონაცემებით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 92%-მა გადალახა, ხოლო უმაღლესი ქულა მხოლოდ 5-მა აბიტურიენტმა მიიღო.

გამოცდების ცენტრის მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ შეფასებაში მანანა ჯავახიშვილი იმ საკითხებს ასახელებს, რომლებიც აბიტურიენტებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ, თუმცა ზოგადად, ტესტის სირთულის შეფასებისგან თავს იკავებს და კითხვას ზოგად პასუხს სცემს:

“აბიტურიენტებს შედარებით გაუჭირდათ ისტორიული მოვლენის შეფასება, ვიზუალური წყაროს ანალიზი და ქრონოლოგიის განსაზღვრა. გაუადვილდათ – ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი, ასევე ისტორიული რუკის ანალიზი.

ტესტების სირთულე უნდა დადგინდეს სტატისტიკური ანალიზით. ტესტის რომელიმე ვარიანტში შესაძლებელია გათანაბრების შემდეგ გამსვლელი აღმოჩნდეს უფრო დაბალი ქულაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ტესტების ვარიანტებს შორის სირთულის თვალსაზრისით განსხვავება. აბიტურიენტებმა, რომლებმაც ვერ გადალახეს ზღვარი, ვურჩევ დაელოდონ საბოლოო შედეგებს”, – აღნიშნავს ჯგუფის ხელმძღვანელი.