სამუშაოს მაძიებელთა მომზადება-გადამზადების პროგრამა დამტკიცდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2021 წლის 18 იანვრის საქართველოს მთავრობის N16 დადგენილებით, დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის მიმწოდებლად რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელსაც ,,პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამუშაოს მაძიებლები, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალი, რეგიონულ ჭრილში (იხ. დანართი), რომლის შესაბამისად უნდა მოხდეს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელება.

პროგრამაში ჩართვის მსურველმა იურიდიულმა პირმა, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, მოპოვებული/დადასტურებული აქვს პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლება, შევსებული სარეგისტრაციო განაცხადის ფორმა უნდა გააგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ელექტორნულ ფოსტაზე: infosesa@moh.gov.ge.

მიმწოდებლად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, იმავე ელექტორნული ფოსტის საშუალებით: infosesa@moh.gov.ge

წყარო: mes.gov.ge