სასწავლო ერთეულის (მატრიცის) შექმნის გზამკვლევი

რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის შერჩეული ტექსტის მიხედვით თემატური (სასწავლო) ერთეულის დაგეგმვისას? სხვაგვარადაც შეგვიძლია ვიკითხოთ: როგორ შევქმნათ სასწავლო ერთეული ქართულში?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში წინამდებარე ტექსტი დაგვეხმარება. ამ ტექსტის უკეთ გასააზრებლად, კარგი იქნება, თუ შეასრულებთ ქვემოთ მოცემულ დავალებას:

ყურადღებით წაიკითხე წინამდებარე ტექსტი „სასწავლო ერთეულის შექმნის გზამკვლევი“ და მასზე დაყრდნობით დაამზადე პოსტერი „ოთხი ნაბიჯი სასწავლო ერთეულის შესაქმნელად“.

პოსტერის დამზადებისას:

  • გამოიყენე A4 ფორმატის ცარიელი ფურცელი და სხვადასხვა სახის საწერი თუ სახატავი მასალა (ან რომელიმე ციფრული პლატფორმა).
  • ნამუშევარში გადმოეცი ტექსტში მოცემული საკვანძო, ძირითადი ინფორმაცია.
  • გააფორმე ილუსტრაციებით და/ან სიმბოლოებით.

ნამუშევრის პრეზენტაციისას ხაზი გაუსვი:

  • როგორ გაქვს პოსტერზე გადმოცემული საკვანძო ინფორმაცია სასწავლო ერთეულის შევსების შესახებ.
  • რამდენად ეფექტურად გაქვს გამოყენებული ესა თუ ის ილუსტრაცია თუ სიმბოლო.

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

  • როგორ დაიწყე დავალებაზე მუშაობა, რას მიაქციე ყურადღება პირველ რიგში?
  • რა იყო შედარებით ძნელად შესასრულებელი?
  • რას გააკეთებდი სხვაგვარად, ხელახლა რომ ასრულებდე დავალებას?

 

ტექსტების შერჩევა

დასაწყისშივე განვმარტოთ, რომ სასწავლო (თემატურ) ერთეულში ვგულისხმობთ გარკვეული ლოგიკით წარმოდგენილი სასწავლო პროცესის ერთგვარ გზამკვლევს. თემატური ერთეულის აგების ლოგიკა და მისი ფორმა შემოთავაზებულია ახალი სკოლის მოდელის ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ და ინტენსიურად ინერგება ჩვენს სკოლებში.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სასწავლო ერთეულის (მატრიცის) ლოგიკურ აგებას დიდწილად განსაზღვრავს ტექსტი. მნიშვნელოვანია, რის დამუშავება გვინდა გაკვეთილებზე. ტექსტები ერთმანეთისგან განსხვავდება თემატიკით, მოცულობით, კითხვადობის სირთულით, ლექსიკური თუ ჟანრობრივი მახასიათებლებით, შექმნის მიზნით, სტილითა და სხვა ნიშნებით. შესაბამისად, თითოეული ტექსტის სასწავლო პროცესში დამუშავებას თავისებური, განსხვავებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ჩვენი ამოცანაა, თითოეულ ტექსტს შევურჩიოთ ადეკვატური, მოსწავლეთათვის საინტერესო და სასარგებლო აქტივობები, რომელთა საშუალებითაც სამიზნე ცნებების დამუშავებას მოვახერხებთ.

სანამ საუბარს გავაგრძელებთ, ყურადღება გავამახვილოთ ტექსტის შერჩევის ორ განმაპირობებელზე:

  1. თემა – რა თემაზეა ტექსტი. გასაგები რომ გახდეს, რას ვგულისხმობთ, მაგალითი განვიხილოთ, რადგან სხვადასხვა სპეციალისტი „თემაში“ სხვადასხვა შინაარსს დებს. თემატური ერთეულების ფორმაში მეტი სიზუსტისა და სიცხადისთვის „დამატებითი თემატიკის“ ცნებაცაა შემოთავაზებული. თუ ტექსტი ცხოველების მეგობრობას ასახავს, რა თემაზე იქნება იგი? ალბათ, მეგობრობაზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია მასწავლებლისთვის, რომელიც, დავუშვათ, დაინტერესებულია ამ მასალით. ამიტომ საჭიროა დაზუსტება, რომ ეს ტექსტი ცხოველების შესახებაცაა.

თემაზე აქცენტის დასმა არ არის შემთხვევითი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ასაკობრივი შესაბამისობის შემდეგ სამართლიანად ანიჭებენ უმთავრეს მნიშვნელობას თემატური ერთეულის (სასწავლო ერთეულის, ე. წ. მატრიცის) ცნებას. ერთ თემაში ადვილად ლაგდება სწავლება.

  1. ჟანრი – რა ჟანრის ტექსტია. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შერჩეული ტექსტის ჟანრობრივ მახასიათებლებს. ერთ-ერთი მიზანი სწორედ ჟანრობრივი მრავალფეროვნება უნდა იყოს და არა მხოლოდ რომელიმე ერთი ჟანრის ტექსტების, დავუშვათ, იგავ-არაკების, შეთავაზება და სწავლება.

გარდა ამისა, ტექსტის შერჩევისას ვითვალისწინებთ, რა იდეის მატარებელია, როგორია მისი კითხვადობის დონე და შეესაბამება თუ არა ამ მახასიათებლით ჩვენი მოსწავლეების მზაობას, ვინ არის მისი ავტორი, რადგან სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებების შეთავაზება სტილურ მრავალფეროვნებასაც გამოიწვევს. როდესაც ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებაზე ვსაუბრობთ, თემისა და ტექსტის კითხვადობის დონესთან ერთად ყურადღება უნდა მივაქციოთ მოცულობასაც, განსაკუთრებით – დაწყებით საფეხურზე.

დაბოლოს, მასწავლებლები უნდა დავფიქრდეთ, როგორ დამუშავდება ეს ტექსტი, რომელი სასწავლო საკითხის გასააქტიურებლად იქნება გამოსადეგი და რომელი კომპლექსური დავალების შეწყობა იქნება მისთვის მოხერხებული. შესაძლოა, უკანასკნელი ორი პარამეტრიდან თითოეულმა რომელიმე კონკრეტული ტექსტის სასარგებლოდ მიგვაღებინოს გადაწყვეტილება.

რას გულისხმობს სასწავლო საკითხის შერჩევა?

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საკითხი სამიზნედ გამოვაცხადოთ იმისდა მიხედვით, შევეხებით თუ არა მას სასწავლო პროცესში. მაგალითად, ტექსტზე მუშაობისას ყურადღებას მივაქცევთ ისეთ არავერბალურ ელემენტს, როგორიცაა ილუსტრაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ, თუკი რაიმე საჭიროება არ დგას. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, საკითხთა ჩამონათვალში თანდათან დავფაროთ ისინი მთელი წლის, მეტიც, საფეხურის განმავლობაში.

როდესაც ტექსტს გავეცნობით, ის პირდაპირ გვკარნახობს, რა სასწავლო საკითხი გავააქტიუროთ მისი დამუშავების დროს. ამის პარალელურად ვფიქრობთ, როგორი კომპლექსური დავალება შევთავაზოთ მოსწავლეებს თითოეული ცნების ჭრილში.

წყარო: mastsavlebeli.ge