საქართველოს რეგიონებში პროფესიული ტესტირების პირველი ეტაპი მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, სოფიო გორგოძესთან ერთად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ საგამოცდო ცენტრში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირებას გაეცნო, რომელიც 6 და 7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ჩატარდება.

თამარ ქიტიაშვილმა ახალგაზრდებს წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა, რომ ტესტირების დაძლევის შემდეგ, სტუდენტები შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს თანამედროვე ინფრასტრუქტურულ გარემოში დაეუფლებიან, რაც მათ კარიერულ წარმატებაში დაეხმარება:

„რეფორმის ფარგლებში, წელს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა შერჩევა მეტად მოქნილია. გარდა იმისა, რომ უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ტესტირებისთვის 4 დღე  განვსაზღვრეთ, პროგრამების უმეტესობისთვის გათვალისწინებული იყო შიდა შერჩევა. პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, კოლეჯებმა თავად გაუწიეს ორგანიზება სტუდენტთა შერჩევის ისეთ მრავალფეროვან მეთოდებს როგორიცაა მოტივაციური გასაუბრება, შემოქმედებითი და სპეციალური ტურები, პრაქტიკული სამუშაო შემთხვევების ანალიზი და ა.შ. რაც პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში წარიმართა.“ – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

ტესტირებაში, რომელიც 6-7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ორ ეტაპად ჩატარდება, 10 000-ზე მეტი აპლიკანტი მონაწილეობს. უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად ტესტირება ზოგად უნარებსა და ქიმია-ბიოლოგიაში,. ხოლო III და IV ეტაპის პროფესიული პროგრამებისათვის კი – საბაზო ზოგად უნარებში ტარდება. მაქსიმალური ქულისა და მინიმალური კომპეტენციის ზღვართან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა ტესტირებაში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი საკუთარ სარეგისტრაციო სისტემაშივე იქნება.

დარეგისტრირებულ პირებს ტესტირებამდე ერთი დღით ადრე შესაძლებლობა ჰქონდათ, სახლიდან გაუსვლელად გაცნობოდნენ პროგრამის მოხმარების თავისებურებებსა და ტესტური დავალების ნიმუშებს.

მინისტრ მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, ის აპლიკანტები, რომლებიც COVID-19-ის დადასტურების გამო ვერ შეძლებენ ტესტირებაზე (ზოგადი უნარები, ქიმია-ბიოლოგია) გამოცხადებას, კონკურსს არ გამოეთიშებიან. თითოეულ შემთხვევას სამინისტროს სპეციალური კომისია განიხილავს. ხოლო ის აპლიკანტები, რომლებმაც კოვიდვირუსის დადასტურების გამო ვერ შეძლეს საბაზო ზოგადი უნარების ტესტირებაზე გასვლა, ავტომატურად გადავლენ შერჩევის შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე, რომელიც დისტანციურ ფორმატში ჩატარდება.

აღნიშნულმა პირებმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge. განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აპლიკანტი ტესტირების პერიოდში კოვიდ-დადებითი იყო. დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია მოამზადებს რეკომენდაციებს და შესაბამისი გადაწყვეტილებას მიიღებს.

წელს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფესიული ტესტირებისთვის 58 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. კოვიდპანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტესტირებაში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციები.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია წელს განაცხადი უპრეცედენტოდ ბევრმა, 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა.