საქართველოში ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სფეროშია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკურმა სამსახურმა, საქართველოში საშუალო ანაზღაურების 2021 წლის მეორე კვარტლის სტატისტიკა 15 სექტემბერს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სექტორშია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში საშუალო ანაზღაურება 1,328 ლარი იყო, ხოლო განათლების სექტორში საშუალო ანაზღაურება მასზე 494 ლარით ნაკლები და 835 ლარს შეადგენდა, რაც სხვა სფეროსთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით კი შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით); ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით); მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით).