სტუდენტების დისტანციური სწავლებითაც უზრუნველყოფის ვალდებულება უმაღლესებისთვის ავტორიზაციის სტანდარტებში გაიწერება

კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს განათლებაში ჰიბრიდული სწავლების დანერგვას სამართლებრივად გეგმავს, რაც უნივერსიტეტების ავტორიზაციის სტანდარტებში უნდა გაიწეროს.

ამის შესახებ განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა, 29 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც განათლების სისტემაზე პანდემიის გავლენას ეხებოდა.

შეხვედრაზე უმაღლეს განათლებაზე საუბრისას აღნიშნეს, რომ პანდემიის დაწყებისას სისტემა კანონმდებლობის დონეზეც კი არ იყო მომზადებული დისტანციური სწავლებისთვის და სიახლეების დანერგვა მოკლე ვადებში მოხერხდა.

„უმაღლესმა სასწავლებლებმა და ამ მხრივ გამოირჩევა კერძო სექტორი, ძალიან ბევრი გააკეთეს სტუდენტების ჩართულობის თვალსაზრისით, ოჯახებშიც კი მიუტანეს კომპიუტერები  სტუდენტებს თავიანთი შიდა რესურსებიდან გამომდინარე, ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა თავიანთ პირველკურსელებს დროებით მფლობელობაში გადასცა კომპიუტერი, ზოგმა აჩუქა კიდეც​. სხვათა შორის, ლექციებზე დასწრების მაჩვენებელი გაიზარდა. დრომ მოიტანა, თქვენ იცით, რომ ჩვენი სტუდენტები, განსაკუთრებით მეორე საფეხურზე მაქვს საუბარი, მაგისტრატურაზე, ძირითადად დასაქმებულები არიან და მათთვის ეს ფორმატი გაცილებით მისაღები აღმოჩნდა და გაცილებით უფრო კარგ შედეგებზე გავედით.

„ჩვენ ევროპელი პარტნიორებისგან მოვისმინეთ თუ რა გამოწვევები დადგა მათ წინაშე პანდემიის პირობებში და მათი მხრიდანაც ზუსტად იმ პრობლემებზე გაკეთდა აქცენტი, რაც საქართველოში დაფიქსირდა. ამ პანდემიამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაგვანახა  გამოწვევები, რაც ისედაც არსებობდა ქვეყანაში, ტექნოლოგიებთან მიმართებაში. სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვაზე, დისტანციურ და ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით ბევრს ვმუშაობთ და ბევრს ვფიქრობთ, ეს ყველაფერი ავტორიზაციის სტანდარტებში უნდა გაიწეროს და გადავიდეთ ჰიბრიდული განათლების სისტემაზე, ყოველ შემთხვევაში ვგეგმავთ. იმიტომ, რომ როდის დამთავრდება პანდემია და რას გვიქადის ხვალინდელი დღე, ეს არავინ არ ვიცით, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს გამოცდილებაც უნდა გავიზიაროთ“, – განაცხადა ნინო წერეთელმა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების  ინსტიტუტის კვლევის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე მოთხოვნა გაზრდილია. სტუდენტების რაოდენობა ერთ უნივერსიტეტზე 2020/2021 სასწავლო წელს საშუალოდ 2,500 გახდა, +27%-ით მეტი 2012/2013 წელთან შედარებით. უნივერსიტეტების რაოდენობა 2012 წლიდან იზრდებოდა და 2017/2018 სასწავლო წელი 75-ს მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ შემცირდა და 2020/2021 სასწავლო წლისთვის 64-ია.

კვლევის ავტორების აზრით ქვეყანაში, კერძო უმაღლესი სასწავლებლები უფრო მოთხოვნადია. სტუდენტების რაოდენობა კერძო უნივერსიტეტებში გაიზარა 157,000-მდე 2020 წელს, +92%-ით მეტი 2012 წელთან შედარებით. თუმცა, საჯარო სასწავლებლებში ზრდა მხოლოდ +18%-ით იყო, იმავე პერიოდში.

საჯარო სასწავლებლებს უფრო მეტი სტუდენტის მიღება შეუძლიათ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან გამომდინარე და სტუდენტების ერთ უნივერსიტეტზე 5,300 იყო 2020/2021 სასწავლო წელს, 4-ჯერ მეტი კერძო სასწავლებლებთან შედარებით.