სტუდენტთა და მეცნიერთა მხარდასაჭერად სამინისტროში მუშაობა არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მიმდინარეობს

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზე მუშაობაც სამინისტროში აქტიურ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს.

უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად სამინისტროს მხრიდან აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები.

მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას გულისხმობს. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას.

გარდა ამისა, საქართველო მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც ქვეყანას გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე. ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება. ამასთანავე, დაგეგმილია იუსტიციის სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გულისხმობს იუსტიციის სამინისტროში სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის აკადემიურ პროგრამებში ინტეგრირებას.

რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეიქმნა და პირველი სტუდენტები მიიღო ქართულ-ფრანგულმა უნივერსიტეტმა. რეგიონში პირველად თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. გაფართოვდა აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამები: ERASMUS+, Fulbright, DAAD. იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თსუ-ში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი დაარსდა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

Covid-19 პანდემიის პირობებში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები უმოკლეს დროში გადასულიყვნენ დისტანციურ სწავლებაზე. სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სტუდენტებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 150 000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დასაფინანსებლად. სოციალური დახმარებით ისარგებლა 15000-ზე მეტმა სტუდენტმა და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ასევე დაუფინანსდათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ეროვნული გამოცდები ჩატარდა არა მხოლოდ დადგენილ ვადებში, არამედ მაღალორგანიზებულად და უსაფრთხოების სრული დაცვით. 2021 წელსაც ეროვნული გამოცდები ასევე უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

მეცნიერების მიმართულებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს სამეცნიერო სივრცე პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“, რომელშიც მონაწილეობა ევროპის 30 ქვეყნის ასამდე ქალაქმა მიიღო.

ქართველ მკვლევართა გადამზადების, მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით, დაგეგმილია „მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის“ დაფუძნება და ქვეყნის მასშტაბით 8 ახალი საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ამოქმედება. ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ,,Horizon-2020“-ის ფარგლებში მუშავდება 1.5 მლნ ევროს ღირებულების პროექტი „მკვლევართა მობილობის პროგრამა“, რომელიც 60 ქართველი მკვლევარის მობილობის დაფინანსებას ითვალისწინებს.

მიმდინარეობს მზადება Horizon Europe-ის პროგრამისთვის, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ. გაფართოვდება თანამშრომლობა CERN-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მეცნიერების შემდგომი განვითარების მიზნით, დაგეგმილია როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსების დაფინანსების გაზრდა; საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის ხელშეწყობა; გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის კომპონენტის გაძლიერება; ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფციითა და გაორმაგებული ბიუჯეტით გამოცხადება.

წყარო: Mes.gov.ge