სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება – ამირან გამყრელიძე სკოლებსა და უნივერსიტეტებში დასწრებით სწავლებაზე

ვფიქრობ, განათლების სამინისტრო ეპიდვითარებას განიხილავს და სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე 27 აგვისტოს განაცხადა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, სანამ დადებითი მაჩვენებელი არ ჩამოვა 4%-ის ქვემოთ, დღეს 9.43 პროცენტი გვაქვს, ადმინისტრაციული პერსონალისა და პედაგოგების 80% არ იქნება სკოლაში ვაქცინირებული, ჩვენ ვერ განვიხილავთ სკოლას უსაფრთხოდ, ამიტომ სასურველია მათი აცრა და საერთო ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნება განხილული სკოლებში დასწრებული სწავლის განხილვა.

მე პირადად იგივე შეხედულება მაქვს უნივერსიტეტებთან მიმართებაში, რომ დასწრებული სწავლებისთვის ეს კრიტერიუმები იყოს დამაკმაყოფილებელი. ეს არ ეხებათ მხოლოდ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებიც უნდა იყვნენ აცრილები. 150 000 სტუდენტი არის დღეს, რომლებიც ახალგაზრდები არიან. „დელტა“ შტამი ძალიან ადვილად ვრცელდება ახალგაზრდებში, ადვილად გადამდებია, ამიტომ სასურველია, რომ სწავლის დაწყებისთვის ყველა უნივერსიტეტი და სკოლა იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო: imedinews.ge