„სწავლის განახლება ყოველდღიურად 3-4 ათასი ინფიცირებულის ფონზე, არ მგონია სწორი“ – ივანე ჩხაიძე

თუ ეს ციფრები შენარჩუნდება და არ იქნება მნიშვნელოვანი შემცირება, არც ერთი დახურული სივრცის თავისუფალ გამოყენებაზე ალბათ, არ იქნება საუბარი. სწავლის განახლება ყოველდღიურად3-4 ათასი ინფიცირებულის ფონზე, რა თქმა უნდა, არ მგონია სწორი, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ 21 აგვისტოს განუცხადა.

მისი თქმით, თუ ჩვენ ბავშვს სკოლაში გავუშვებთ, მას მინიმუმ იქ ვაქცინირებული პედაგოგი, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი უნდა დახვდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, პედაგოგების ვაქცინაციის დღევანდელი მაჩვენებელი 40-45 %-ია, რაც ნამდვილად დაბალია. ჩვენ ვერ ვახერხებთ ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ 16-18 წლამდე ასაკის ბავშვებს ვცრით. 12-დან 15 წლამდე ასაკზე, რომელიც მომდევნო ასაკია, ჯერ კიდევ განხილვისა და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით ჯანმოს გადაწყვეტილებას, თუმცა ვფიქრობთ, თუ ასეთი მდგომარეობა დარჩა ქვეყანაში, შესაძლოა, საქართველომ, ისე როგორც ევროპის უმრავლესმა ქვეყანამ, ჩრდილოეთ ამერიკამ, იაპონიამ, შეცვალოს მინიმალური ასაკობრივი ზღვარი და 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში დავიწყოთ ვაქცინაცია. თუ ასეთ მძიმე ეპიდემიური ვითარება დარჩება, ვფიქრობ სექტემბერში ამ საკითხის განხილვა უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 59 659, საიდანაც – 7 345 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 218, აჭარაში – 955, იმერეთში – 1 095. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 514 744 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 448 288, გარდაიცვალა 6 771 პაციენტი.