„უკლებლივ ყველა სკოლა ავტორიზაციას 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე გაივლის“ – მინისტრი

უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, დღეს, 30 ივლისს, განათლების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას და დაგვპირდა, რომ ამ დროისთვის სკოლების ინტერნეტიზაცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვაც დასრულებული იქნება.

„ზოგადი განათლების რეფორმის პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან. პირველად საქართველოს განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება“, – დააანონსა მინისტრმა.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება. აგრეთვე, 2026 წლისთვის ყველა საჯარო სკოლაში დასრულდება ინტერნეტიზაციისა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის პროცესი და სკოლებში მოეწყობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა.

ცნობისთვის, სკოლების ავტორიზაციის პროცესი არაერთხელ გადავადდა და 2020-2021 სასწავლო წლის ნაცვლად, 2026-2027 წლამდე დასრულდება. მიზეზად, სკოლების მიერ სტანდარტის დაუკმაყოფილებლობა სახელდება. თუმცა გამორიცხული არ არის, რამდენჯერმე გადადებული პროცესი, 2026-2027 წლამდეც არ დასრულდეს და ვადამ კვლავ გადაიწიოს.

ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ადამიანური რესურსის დადგენილ სტანდარტსაც უნდა აკმაყოფილებდეს. პირველ რიგში კი, სკოლებს სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი უნდა ჰყავდეს და მუდმივ რეჟიმში უნდა ცდილობდეს მათ პროფესულ განვითარებას.