უნივერსიტეტებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი კურსები დაინერგება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის – „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“  Curriculum Innovation for Social Inclusion (CISI) –  ფარგლებში, ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად, სპეცმასწავლებლებისთვის ახალი კურსები მომზადდა.

ახალი კურსები მომავალი მასწავლებლების აკადემიურ მომზადებაზეა ორიენტირებული. კერძოდ, სასწავლო პროგრამა დაეხმარება მათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.

აღნიშნული კურსების პრეზენტაცია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მიიღო.

მინისტრის პირველმა მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ინკლუზიური განათლების განვითარების კუთხით უმაღლესის საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტებში მსგავსი პროგრამების დანერგვა აუცილებელია, რადგან ამ გზით მომავალი მასწავლებლები გაივლიან მაღალკვალიფიციურ სასწავლო პროგრამას და უფრო მომზადებული შეხვდებიან იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც შეიძლება სწავლა-სწავლების პროცესში აღმოჩნდნენ.

ახალი კურსების განხორციელება პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში დაიწყება. კერძოდ, მომავალ მასწავლებლებს კურსების გავლის შესაძლებლობა შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექნებათ:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის   შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წყარო: mes.gov.ge

Tags: