„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახებში გაგრძელდეს“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებმა სწავლის გაგრძელება კვლავ საკლასო ოთახებში შეძლონ.

ამის შესახებ განცხადება მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ გლობალური განათლების ონლაინ მინისტერიალზე 15 ივლისს გააკეთა.

„პანდემიის გარკვეულ ეტაპზე უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული ფორმით გაგრძელდა, მოსწავლეები კი საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.  სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რათა ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებმა სწავლის გაგრძელება კვლავ საკლასო ოთახებში შეძლონ, სადაც მათ უსაფრთხო სასწავლო გარემო დახვდებათ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან წელიწადნახევრის შემდეგ განათლების სფეროში გამოწვევები კვლავაც არსებობს.

UNESCO-ს მიერ ორგანიზებული გლობალური განათლების ონლაინ მინისტერიალის მთავარ მიზანს COVID-19-ის მასშტაბური კრიზისის ფონზე მსოფლიოში განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა წარმოადგენდა.

 

წყარო:edu.aris.ge