ცნობილია ვისთვის განახლდება სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან დასწრებულ რეჟიმში – საბჭოს გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში. დასწრებულ ფორმატში განახლდება სწავლა ასევე პროფესიულ კოლეჯებშიც.

ასევე განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში და აღდგება გასართობი ცენტრების მუშაობა.

გადაწყვეტილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 28 სექტემბერს ისაუბრა.

“4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა აღდგება სრულად, ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძოს. 4 ოქტომბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწავლა განახლდება დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში. პროფესიულ კოლეჯებს უფლება ეძლევათ სასწავლო პროცესი განაახლონ დასწრებით ფორმატში, აუდიტორიებში. გადაწყვეტილებებს კოლეჯები და უნივერისტეტები იღებენ თვითონ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. რა თქმა უნდა, სამინისტროსთან შეთანხმებით”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისი თქმით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

“განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. სიახლე გახლავთ ის, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება იქნება სავალდებულო. იმისთვის, რომ იქ იყოს და არის ჯასაღი გარემო”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.