ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ დადგეს მომენტი და პედაგოგებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს

ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ, თუმცა შეიძლება ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად – ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პედაგოგებისთვის აცრის ვალდებულების თაობაზე დასმულ კითხვას.

დღეს, 10 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა ტიკარაძეს ჰკითხეს, თუ იზიარებს პოზიციას, რომ პედაგოგებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის აცრა სავალდებულო იყოს.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას მინისტრმა არ გამორიცხა სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვა, თუმცა კონკრეტიკისგან მაინც თავი შეიკავა და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა:

„ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ. თუმცა შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვაქცინაციის გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებშია, ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ნამდვილად საგანგაშოა და არ არის მარტივი სიტუაცია.

ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 713 პირი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 12.79%.