,,2 და 3 წლით ადრე რეპეტიტორებთან სიარული ნამდვილად არ არის საჭირო”… – ამინა ხანგოშვილი, მაღალქულიანი აბიტურიენტი პანკისის ხეობიდან

ამინა ხანგოშვილმა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლა დაამთავრა. ინგლისურში 79 ქულა აიღო 80-დან, ისტორიაში 60-დან 58, ხოლო ქართულში 67 ქულის მოპოვება შეძლო 70-დან. ეს გოგონა, კიდევ ერთი ძლიერი მტკიცებულებაა იმისა , რომ საკუთარ თავზე მუშაობით დიდი წარმატების მიღწევაა შესაძლებელი.

Studyprogrammes.Ge გთავაზობთ ინტერვიუს ამინასთან

 

-რა არის შენი წარმატების საიდუმლო?

– საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, თავდაუზოგავი შრომა, იდეისა და მიზნისთვის მსხვერპლის გაღებაა გზა წარმატებისკენ, ეს მოითხოვს უდიდეს შინაგან ძალისხმევას და თუ ამისთვის მზად ხარ, მიზანიც მიღწეულია.

 

-როგორ შეძელი რეპეტიტორთან მომზადების გარეშე, მიგეღწია ასეთი შედეგისთვის?

– დუისის საჯარო სკოლაში გვყავს უმაგრესი მასწავლებლები, მე პირადად ქართულს მასწავლიდა უძლიერესი ლალი კუშტანაშვილი, ჩემს ინგლისური ენის დონეში უდიდესი წვლილი მიუძღვის RSF-ის ფონდს ჩემი საუკეთესო მასწავლებლით მალიქა მუთოშვილი და ისტორია კი მასწავლა თინა ლობჟანიძემ საუკეთესო სტუდენტმა გოგომ, საუკეთესო მასწავლებელმა და შემდგომ უკვე მეგობარმა. სწორედ ამ ადამიანების არსებობამ მიმაღებინა ეს შედეგი, 2 და 3 წლით ადრე რეპეტიტორებთან სიარული ნამდვილად არ არის საჭირო, მთავარი მონდომება და მუშაობაა, საჭიროა დამატებით თვითსწავლაც.

 

-როგორ სწავლობდი სკოლაში?

-სკოლაში ვიყავი ოქროსმედალოსანი, ჩემი აღქმითი თუ ვიზუალური მახსოვრობის წყალობით მინიმალურ დროს ვხარჯავდი სკოლის გაკვეთილებზე. ხშირად დროს არაფორმალურ განათლებასა თუ სხვადასხვა სოციალურ აქტივობებს ვუთმობდი, მომწონს სხვა ადამიანებისთვის სოციალური მისიების შესრულება.

 

-პანდემიამ ყველას ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, იყო თუ არა შენს შემთხვევაში ასე და როგორ გაუმკლავდი მას?

– პანდემიამ უფრო მეტი შესაძლებლობა მომცა, დროს მიზოგავდა და მე მას მაქსიმალურად ვიყენებდი, ონლაინ რესურსების მოძიებისა და სახლში სწავლის ეფექტურობა , რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა თუ თავს ძალას დავატანთ და თვითმოტივაციას შევიქმნით.

 

-ვინ ან რა იყო შენი მოტივაციის წყარო?

– ჩემი მოტივაციის წყარო ჩემი ხალხია, ჩემი ხეობაა, ჩემი ოჯახია, ჩემი მასწავლებლები, ადამიანებია, რომელთაც ჩემი სჯერათ, ჩემით ამაყობენ და ვეიმედები, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ გავუცრუო მათ იმედები.

 

-რას ურჩევ მომავალ აბიტურიენტებს?

– ვურჩევდი, რომ გამოიყენონ დრო მაქსიმალურად, თითოეული წამი დააფასონ, პატივი სცენ თავიანთ მისწრაფებებს და დაუმტკიცონ საკუთარ თავს, თუ რამდენად მაგრები არიან, რამდენი შეუძლიათ. თვით შეუძლებელიც კი შესაძლებელია!

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ