2020-2021 სასწავლო წელს 65 ათას მოსწავლესა და 7 ათას მასწავლებელს TEAMS არ გამოუყენებია – IDFI

სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგის დღევანდელი ღირებულება საქართველოს ეკონომიკისთვის დაახლოებით 55 მლრდ ლარამდეა – ეს რიცხვი თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოთვალა. ანგარიშის პრეზენტაცია “საქართველოს განათლების სექტორი COVID-19 -ის პირობებში” 29 ივლისს გაიმართა და კვლევის ავტორებმა, სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, დეტალურად მიმოიხილეს, რამდენი მოსწავლე და მასწავლებელი ვერ ჩაერთო ონლაინ სწავლებაში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასოდეს გამოუყენებიათ და ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. 2020 წელს, შინამეურნებების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს ინტერნეტთან წვდომა. დისტანციური სასწავლო პროგრამა TEEAMS-ით მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ. 2020/2021 სასწავლო წელს 65 ათასმა ბავშვმა და 7 ათასმა მასწავლებელმა დააფიქსირა, რომ TEAMS არ გამოუყენებია.

კვლევა ამბობს, რომ შინამეურნეობებს არ აქვთ საკმარისი კომპიუტერები, რომ ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყონ დისტანციური სწავლება; რაოდენობრივი კვლევების მიხედვით, მონაწილეთა მხოლოდ 60% იყენებს პერსონალურ კომპიუტერს სწავლისთვის, ხოლო დანარჩენი რესპოდენტები სხვა ტექნიკას.

IDFI-ის შეფასებით, 100 მლნ ლარამდეა საჭირო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპიუტერებისა და ინტერნეტის მისაწოდებლად, რათა მათ დისტანციური სწავლების პლატფორმასთან წვდომა ჰქონდეთ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობებზე დაყრდნობით, საქართველოს 96 ათას სტუდენტი ცხოვრობს სოციალურად დაუცველ ოჯახებში და შეფასებულია, რომ აღნიშნულიდან, 78 ათასს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი, გივი ადეიშვილი ამბობს, სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგის დღევანდელი ღირებულება საქართველოს ეკონომიკისთვის დაახლოებით 55 მლრდ ლარამდეა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ დისტანციური სწავლებისთვის შესაბამისი პლატფორმები აამოქმედა, თუმცა შემოღებული შეზღუდვები და დისტანციური სწავლების მიმართ გამოცდილება, სასწავლო პროცესის ეფექტურობას ამცირებს და მოსალოდნელია გამოიწვიოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის შეფერხება გრძელვადიან პერიოდში.

„მთიანი რეგიონები და ის სოფლები უნდა გამოვყოთ, რომლებიც დღემდე ელოდებიან ინტერნეტიზაციას, რომელიც 3-4 წლის უკან დაანონსდა, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე დარჩენილი არიან ინტერნეტის გარეშე და ინდივიდუალური ძალისხმევით ცდილობენ ეს პრობლემა მოაგვარონ, რაც რთული პროცესია. ეს სასწავლო დანაკარგები, ჩვენი შეფასებით და დღევანდელი ღირებულებით 55 ათას ლარს აღწევს, როგორ მივიღეთ ეს რიცხვი – ეს არის მსოფლიო ბანკის ინდექსზე დაყრდნობით მიღებული შედეგი, ადამიანური კაპიტალის განვითარების შეფერხება, რომელიც გამოიწვია პანდემიამ, როგორ აისახება შემდეგ უკვე მათ კვალიფიკაციასა და ანაზღაურებაზე. რაც მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ და შევამციროთ აღნიშნული მაჩვენებელი“, – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა და წარმდგენმა, IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გივი ადეიშვილმა და დასძინა, „დაფინანსება განათლების სექტორში დაახლოებით ორ მილიარდ ლარამდეა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ია. ამ მაჩვენებლით ვუსწრებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, თუმცა ჩამოვუვარდებით ევროპის ქვეყნებს და OECD-საშუალო მაჩვენებელს“.

განათლების სექტორში ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რესპოდენტების ნახევარზე მეტი ფიქრობს, აკადემიური მოსწრება გაუარესდა დისტანციური სწავლების დროს: გამოკითხულთა 63%-ის თანახმად, სწავლის ხარისხი გაუარესდა და მხოლოდ 8% თვლის, რომ COVID 19 პანდემიის დროს უფრო მაღალი ხარისხის სწავლება იყო.

ანგარიშის პრეზენტაციის დასასრულს, არასამთავრობო ორგანიზაციამ წარმოადგინა რეკომენდაციები განათლების სექტორზე COVID-19-ის უარყოფითი ეფექტების შესამსუბუქებლად.