„2021 წელს მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა“ – გამოცდების ცენტრის პასუხი აბიტურიენტების ნაწილს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტული შეფასებით, 2021 წელს მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა. ამის შესახებ საუბარია 9 აგვისტოსთვის მოწოდებულ ინფორმაციაში, სადაც გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს ნაწილის პრეტენზიებს პასუხობს, რომელიც მათ მიერ მომზადებულ პეტიციაშია ჩამოყალიბებული და რომელსაც ათასობით აბიტურიენტი აწერს ხელს.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტული შეფასებით, 2021 წელს მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა. ამას ადასტურებს სტატისტიკური ანალიზი, მათ შორის, წლევანდელ ჩაჭრილთა მაჩვენებელიც, რომელიც დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო შარშან. გარდა ამისა, არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ტესტი არის დაბალანსებული. დასაწყისში არის მარტივი დავალებები და შემდეგ ისინი თანდათან რთულდება, რაც აუცილებელია ისეთი ტესტირების შემთხვევაში, რომლის დანიშნულებაც გამოსაცდელთა სელექციაა. მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ, საბოლოო შედეგების გამოცხადების წინ, ცენტრი ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ პროცედურას: იმისათვის, რომ აბიტურიენტები თანაბარ პირობებში იყვნენ, ხდება საგამოცდო ტესტის სხვადასხვა ვარიანტის გათანაბრება და ქულათა სკალირება (იხ. ცენტრის ვებგვერდი). სწორედ ეს პროცედურა ქმნის იმის პირობას, რომ სხვადასხვა სირთულის ტესტის შესრულებისას არც ერთი აბიტურიენტი არ დაიჩაგროს”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

აბიტურიენტების ნაწილმა გაავრცელა პეტიცია, რომლის საფუძველზეც  7000-მდე ხელმომწერი ითხოვს, რომ წლევანდელ მათემატიკის გამოცდაზე გამოტანილი ყველა ტესტი რთულად გამოცხადდეს

წყარო: edu.aris.ge