2021 წელს ფუნდამენტური კვლევების კონკურსისთვის 8 მილიონი ლარი გამოიყოფა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2021 წელს სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი ფუნდამენტური კვლევებისთვის უპრეცედენტოდ მაღალი ბიუჯეტით, 8 მლნ ლარით დაფინანსდება. წინა წლებთან შედარებით, ეს თითქმის გაორმაგებული ბიუჯეტია, რაც საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საგრანტო კონკურსში. კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელმაც კონკურსის მოსამზადებელი სამუშაო პროცესი უკვე დაასრულა.

წლევანდელი კონკურსი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული მეცნიერების მიახლოებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან, ვინაიდან დაიხვეწება და ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება როგორც კონკურსის დებულება, ასევე საკონკურსო პირობები და სამეცნიერო პროექტების შეფასების კრიტერიუმები.

განხორციელებული ცვლილებები სამეცნიერო პროექტების უფრო ზუსტი და სიღრმისეული შეფასების შესაძლებლობას იძლევა და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

წყარო: Mes.gov.ge