2021 წლის აბიტურიენტს ატესტატის აღება წინასწარი ჯავშნის გარეშე შეუძლია – რა უნდა გაითვალისწინოთ

2021 წლის აბიტურიენტს ატესტატის აღება წინასწარი ელექტრონული ჯავშნის გაკეთების გარეშე შეეძლება. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალგაზრდებს my.gov.ge პორტალზე მოქმედი ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით მოემსახურებიან.

იუსტიციის სახლში განმარტეს, რომ წელს სკოლადამთავრებული პირი, რომელსაც პირველადი ატესტატის აღება სურს ადგილზე გამოცხადდეს იუსტიციის სახლში, ან მისი რაიონის საზოგადოებრივ ცენტრში და 10 დღის ვადაში ის ატესტატს უფასოდ მიიღებს.

თითოეულმა წელს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უნივერსიტეტები თავად განსაზღვრავენ სწავლის დაწყებამდე მათთან წარსადგენი დოკუმენტაციის, მათ შორის ატესტატის წარდგენის ვადებს, რაც ზოგჯერ არა ათი, არამედ 5-7 დღითაც განისაზღვრება. სწორედ ამიტომ, იმისათვის, რომ ატესტატის დაჩქარებაში თანხის გადახდა არ მოგიწიოთ, სასურველია ატესტატი დროულად აიღოთ.

როგორც ცნობილია, COVID-19-ის პრევენციის მიზნით, სახელმწიფო სერვისების მიწოდება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით ხორციელდება, რისთვისაც მოქალაქემ კონკრეტული სერვისის მისაღებად ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალ my.gov.ge-ზე ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს წინასწარ უნდა დაჯავშნოს.