2021 წლის სექტემბერი: როდის გადაეცემათ წარჩინებულ მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები?

როდის მიიღებენ 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს? –  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროასგან ამჯერად ასეთი პასუხი მივიღეთ:

,,2019-2020 სასწავლო წლის მეცხრეკლასელებისთვის ლეპტოპების გადაცემა წელს არის გათვალისწინებული. თავდაპირველად კორონავირუსის პანდემიის გამო შეფერხდა გადაცემა, შემდეგ შესყიდვა გამოცხადდა, მაგრამ ვერ შეიძინეს კომპიუტერები, რადგან ხარისხიან ტექნიკაზე შეიქმნა დეფიციტი“.

სამინისტროს აზრით, ამჟამად გრძელდება თუ არა ხარისხიან ტექნიკაზე დეფიციტი და რა ხარისხს(!) უნდა აკმაყოფილებდეს კომპიუტერი, რომელსაც სახელმწიფო წარჩინებულ ბავშვებს უკვე წელიწადზე მეტია ჩუქნის, მაგრამ ჯერ ვერ(არ) აჩუქა, ჩვენ განათლების სამინისტროს აღარ ვკითხეთ.

„იქიდან გამომდინარე, რომ წინა წელს ვერ მოხდა შესყიდვა (კომპიუტერების-ავტ.), მიმდინარე წელს უნდა გამოცხადდეს ტენდერი, შესყიდვა ხელმეორედ ცხადდება. შემდეგ მოხდება გადაცემა. დეტალები უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, 2019-2020 და 2020-2021 სასწავლო წლების ყველა წარჩინებულ მოსწავლეს ერთად გადაეცემა კომპიუტერები“, – განაცხადეს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანს კი, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

მოითმინეთ, ბავშვებო.

წყარო: edu.aris.ge